ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს

რა არის ქრონიკული C ჰეპატიტი?

C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. დაინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინფექციის მწვავე ფორმა. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 75-85%–ში მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ, „მუდმივ“ დაავადებაში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

დაინფიცირებულთა 15-25%–ის მდგომარეობა პრაქტიკულად დამაკმაყოფილებელ დონეზე დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქრონიკულმა C ჰეპატიტმა კი შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.

რა გზებით ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება?

C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ადამიანთა დიდი ნაწილი უპირატესად ინფიცირდება საერთო შპრიცების მოხმარების (ნარკომანია), სისხლის გადასხმის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, კოსმეტიკური პროცედურების (მანიკური, ტატუირება და ა.შ.) დროს. ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროსაც, თუმცა გადაცემის ეს გზა ნაკლებად ხშირია. ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.

რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?

ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დაავადების აშკარა ნიშნები. სიმპტომთა გამომჟღავნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ: რამდენი ხანია გასული ვირუსით ინფიცირებიდან, როგორია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, და სხვა. უსიმპტომო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ინფიცირებიდან ათეული წლების განმავლობაში, სანამ ღვიძლის დაზიანება არ განვითარდება. სიმპტომების გამოვლენა ხშირად მიუთითებს ღვიძლის უკვე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. ამდენად, მაღალი რისკის მქონე პირებმა, სასურველია ქრონიკული ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, ჩაიტარონ ტესტირება.

დაავადება კლინიკურად გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე.

როგორ უნდა გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით?

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ტესტი:

1.ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მას შემდეგ, რაც ადამიანი ინფიცირდება ვირუსით, მის სისხლში გამომუშავდება ანტისხეულები. C ჰეპატიტის გამოსავლენი საწყისი ტესტი – anti-HCV – სწორედ ანტისხეულებს ეძებს. ტესტზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი არის ან ოდესმე ყოფილა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით.

2.დამადასტურებელი ტესტი. ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამადასტურებელი ტესტი, რომელიც ეძებს თავად C ჰეპატიტის ვირუსს. ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტისგან განსხვავებით, დამადასტურებელ ტესტზე დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ამჟამად არის ინფიცირებული ვირუსით.

რატომ უნდა მივაკითხოთ ექიმს?

ექიმი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი ტესტების ჩატარება:

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები (აფასებს ღვიძლის მუშაობას. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტესტია ალტ. ალტ-ს დონე ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, მომატებულია ჰეპატიტით დაადებულებ ადამიანებში)
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (იძლევა ღვიძლის ვიზუალურ სურათს)
  • ღვიძლის ბიოფსია (გულისხმობს ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღებასა და გამოკვლევას)
  • გენოტიპის ტესტირება (იკვლევს C ჰეპატიტის ვირუსის ტიპს)
  • ვირუსული დატვირთვის ტესტი (ადგენს ვირუსის რაოდენობას ორგანიზმში)

გამოკლვევების შედეგების საფუძველზე, ექიმი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას.

C ჰეპატიტის მკურნალობა

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები. მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციური ექიმის მიერ.

მკურნალობის კურსი მოიცავს სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების კომბინაციას და გრძელდება 6-12 თვის მანძილზე. ეს მედიკამენტები ეხმარება ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. მკურნალობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები: გრიპის მსგავსი სიმპტომები, უგუნებობა, წონაში კლება, გამონაყარი, ანემია, უძილობა, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია ექიმის დახმარებით. ზოგჯერ ადამიანები თავს ანებებენ მკურნალობას გვერდითი მოვლენების გამო, რაც დაუშვებელია. დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით. ამჟამად ხმარებაშია ახალი მედიკამენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება.

ალტერნატიული მკურნალობა

შესაძლოა გსმენიათ „ბუნებრივი“, მცენარეული ან სხვა სახის პროდუქტების შესახებ, რომლებიც იყიდება, როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები. დღეისთვის არ არსებობს მცენარეული დანამატები, რომელთა სამკურნალო ეფექტი C ჰეპატიტის დროს მეცნიერულად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი სახიფათოა თქვენი ღვიძლისთვის. ამგვარი პრეპარატების მიღების დაწყებამდე აუცილებლად შეუთანხმდით ექიმ–სპეციალისტს.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის განკურნება?

მკურნალობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს C ჰეპატიტით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ხშირად ვირუსის აღმოჩენა აღარ ხდება. ამას ეწოდება მყარი ვირუსული პასუხი.

დაცულია თუ არა ადამიანი C ჰეპატიტით კვლავ დაინფიცირებისგან მკურნალობის შემდეგ?

არა. წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ადამიანი არ არის დაცული C ჰეპატიტისგან. იგი შესაძლოა კვლავ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით.

დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ღვიძლის დაცვის მიზნით?

  • ნებისმიერი წამლის მიღება, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, საკვები დანამატებისა თუ ვიტამინების, შეუთანხმეთ ექიმს. ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლებმა, შესაძლოა მავნედ იმოქმედოს ღვიძლზე.
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, ვინაიდან იგი დააჩქარებს ღვიძლის დაზიანებას.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის გავრცელება ინფიცირებულისგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე?

რამდენადაც C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის საშუალებით, უნდა აღვკვეთოთ ისეთი ნივთების საერთო მოხმარება, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სისხლთან კონტაქტი. ასეთებია: კბილის ჯაგრისი, სამართებელი, ფრჩხილის საჭრელი და ა.შ. მნიშვნელოვანია კანის მთლიანობის დარღვევის დროს დაზიანებული ადგილის დაფარვა, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის შემდეგ კანის ზედაპირის დამუშავება.

როგორ ავირიდოთ C ჰეპატიტი?

  • უარი თქვით ნარკოტიკებზე

ყოველ შემთხვევაში, ნუ გამოიყენებთ ნახმარ შპრიცს.

  • კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩილების საჭრელი და სხვა პირადი მოხმარების საგნები მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარების საგნებია! მსგავსი პირადი მოხმარების ნივთებით ინფექციის გავრცელება ნაკლებად ხშირია შპრიცებთან შედარებით, თუმცა პირის ღრუსა და კანზე არსებული დაზიანებების წყალობით შესაძლებელია მათი სისხლით დაბინძურება. C ჰეპატიტის ვირუსი კი სწორედ სისხლის საშუალებით ვრცელდება.
  • სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ კონდომი. სქესობრივი კონტაქტი C ჰეპატიტით ინფიცირების ნაკლებად გავრცელებულ გზას წარმოადგენს. თუმცა, ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.
  • ტატუს და პირსინგის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ აღჭურვილობის სტერილობას! თუ აღჭურვილობა არ არის სათანადოდ სტერილიზებული და მანამდე გამოყენებული იყო ინფიცირებულ პირზე, არსებობს აივ ინფექციით, B და С ჰეპატიტით ინფიცირების რისკი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სტერილობას და ეწვიეთ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებს.

Referrences:

http://www.ncdc.ge

NCDC&PH

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s