თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად  ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლი) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.[i]

Nomoskin1 ncdcთამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს[ii]. მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი იღუპება. შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%–ია  რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც,  მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. ”პასიური წევის“ შედეგად კი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება. [iii] [iv]

თითქმის ყვე­ლა მწე­ველ­მა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას. განურჩევლად სიგარეტის ბრენდისა თუ ხარისხისა, ყო­ვე­ლი კოლოფი აფ­რთხი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელს – „მწე­ვე­ლე­ბი ად­რე კვდე­ბი­ან”, „მო­წე­ვა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს გა­ყე­ნებთ თქვენ და თქვენ ირ­გვლივ მყოფთ”, „მოწევა იწ­ვევს კი­ბოს”… მიუხედავად ამისა, მწეველები აგრძელებენ და დღითიდღე უფრო მეტი არამწეველი იწყებს მოწევას. ზოგიერთს აქვს კიდეც სიგარეტის გადაგდების მცდელობა, რომელიც ხშირად წარმუმატებლად სრულდება. ეს არცაა გასაკვირი, თამბაქოზე დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა და შესაძლოა, საჭირო გახდეს  თავის დანებების რამოდენიმე მცდელობა და სპეციალისტთან კონსულტირება. ასეთ ძლიერ დამოკიდებულებას განაპირობებს თამბაქოში შემავალი ნივთიერება – ნიკოტინური ალკალოიდი, რომელიც  მწეველებში იწვევს  ნიკოტინიზმის განვითარებასა და  ტოქსიურ ზეგავლენას. ის ყოველთვის საშიშია და არა მხოლოდ თამბაქოს ინტენსიური მოხმარებისას. თამბაქოში შემავალი სხვა ნვთიერებები გაერთიანებულნი არიან ერთიან ტერმინში “კუპრი”. მასში მოიაზრება ისეთი ქიმიკატები (ქიმიური შენაერთები), როგორიცაა ნახშირჟანგი, ფორმალდეჰიდი, ციანიდი, ამიაკი და სხვ., რომელთა უმეტესობა იწვევს კიბოს.  ჯანმრთელობისთვის მავნე ნითიერებებს შეიცავს მეორადი კვამლიც, რომელიც WHO-ს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც  „კანცეროგენი“ (კიბოს გამომწვევი). სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამლის 2/3–ზე მეტი, რომელიც  შეიცავს 2–ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000–მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50–ზე მეტი კანცეროგენია.[v]

no smoking nCdC კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს… რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის… აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ  ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე) სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში. [vi] [vii] [viii]

უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებებისა გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ მწეველები, რადგანაც ხშირად მოზარდი, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თავისი „მეს“ გამოხატვისთვის ბაძავს უფროსებს (რომლებიც მათთვის იდეალები არიან) და იწყებს მოწევას. შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი,  იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99  000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.[ix] [x]

როგორც ვხედავთ, ხშირად მწეველები სწორედ იმ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს, რომელთაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. იქნებ, ღირს დავფიქრდეთ ამაზე, ვუთხრათ „არა“ სიგარეტს. ამითი ჩვენ დავიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსა და საკუთარ მომავალს.

მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას იმ ეფექტური საშუალებების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ თამბაქოზე თავის   დანებების პროცესში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s