ფსიქიკური ჯანმრთელობა – სად გადის ზღვარი?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა და არა მხოლოდ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების არარსებობა. თავის მხრივ, „ფიზიკური ჯანმრთელობა“ ადამიანის ბიოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმის ყველა ორგანო სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი თავის მოსავლელად ყოველდღიურად დგამს რუტინულ ნაბიჯებს, ახერხებს საკუთარი პოტენციის რეალიზაციას, წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მნიშვნელოვანია, შეუძლია თავი გაართვას ცხოვრებისეულ სტრესებს.

სუიციდი,თვითმკვლელობა, შიზოფრენია,ფსიქიკური ჯანმრთელობა,სტიგმა

გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას. მიუხედავად ასეთი სიხშირისა, ეს ადამიანები სირცხვილისა და გარიყულობის მსხვერპლი ხდებიან არცთუ იშვიათად. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სტიგმა და დისკრიმინაციაა, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან.

ადამიანისთვის ხასიათის ცვლილება, დღეში რამოდენიმეჯერაც კი, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.  ბედნიერების და სიხარულის შეგრძნებას, შესაძლოა, სტრესის და უარყოფითი ემოციებით სავსე პერიოდი ჩაენაცვლოს. მაგრამ, თუ ხასიათის ცვლილებები ცხოვრებისეულ მოვლენებთან კავშირის გარეშე ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება და უმიზეზოა, ხოლო ადამიანს ამის ფონზე  ყოველდღიური ფუნქციონირება უჭირს, შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაქვს საქმე.  

ნორმის და პათოლოგიის გამიჯვნა საკმაოდ რთულია. არასწორ ქცევას, ან შეუსაბამოდ ხასიათის ცვლილებას, ყოველთვის პათოლოგიად ვერ შევაფასებთ. მაგალითად, თითოეული  ჩვენგანი შესაძლოა უმიზეზოდ გაბრაზდეს, თავი უსარგებლოდ, ყველასგან მიტოვებულად იგრძნოს და გარკვეულ სიტუაციებში არაადექვატურად მოიქცეს. ეს თავისთავად ფსიქიკურ ავადმყოფობას არ ნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებადია და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადოს.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია და მდგომარეობების ფართო სპექტრს, უბრალო „შიშებით“ (ფობიებით) დაწყებული სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით დამთავრებული (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი…), მოიცავს.[i] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.[ii] საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი  დეპრესიაა.[iii] [iv]

გლობალურად, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახი გარკვეული თვალსაზრისით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პირისპირ დგას. მიუხედავად ასეთი სიხშირისა, ეს ადამიანები სირცხვილისა და გარიყულობის მსხვერპლი ხდებიან არცთუ იშვიათად. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სტიგმა და დისკრიმინაციაა, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან.[v] [vi]

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზაციას ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაედო საფუძველი. ისტორიამ შემოგვიანახა ფაქტები იმის შესახებ, რომ საუკუნეების მანძილზე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის „საშიში“ და მიუღებელი იყვნენ. ევროპაში მათ  კოცონზე წვავდნენ ჯადოქრობის ბრალდებით (XVI- XVII), ხოლო უფრო მოგვიანებით, სპეციალურ დაწესებულებებს (LUNATIC HAUSE) აგებდნენ მათი იზოლირებისთვის. საბედნიეროდ, ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გარშემომყოფების, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან ჯერაც  განიცდიან დამკვიდრებული სტიგმიდან გამომდინარე ზეწოლას. საზოგადოების არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულება ის ძირითადი მიზეზია, რომელიც აკნინებს დაავადებულების თვითშეფასებას და უარყოფითად მოქმედებს მათ უნარზე იყვნენ სოციალიზებულები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა 2/3 არ მკურნალობს. კვლევებმა კი უჩვენეს, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს სწორედ დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს. ეს კი თავის მხრივ, უფრო ამძიმეს პრობლემას[vii]. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც არ იტარებს სათანადო მკურნალობას ან/და ვერ პოულობს თანადგომას, მხარდაჭერას, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.[viii] მაგ, კვლევებმა დაადასტურეს, რომ იმ ადამიანების 90%-ს, რომელთაც სუიციდით (თვითმკვლელობა) დაასრულეს ცხოვრება, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, თუმცა, მოცემულ მომენტში არ მკურნალობდა.[ix] [x]

ისტორიაში სუიციდის ფაქტები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აღწერილი. თვითმკვლელობის ფენომენი კი ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერესს. ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების მტკიცებით, თვითმკვლელობა მულტიფაქტორული მოვლენაა და გარდა ფსიქიკური დარღვევებისა (რომელზეც უკვე ვისაუბრეთ) მას სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს[xi]. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა. გერმანიასა და შვედეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სუიციდის შემთხვევების ოჯახური ისტორია ზრდის პიროვნების სუიციდური ქცევის რისკს.[xii],[xiii] კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას ენდოგენური დეპრესია (დეპრესია, რომელიც ფიზიოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული) განაპირობებს. აღმოჩნდა, რომ დეპრესიის სწორედ ეს ფორმაა გენეტიკური და განმსაზღვრავს პიროვნების ქცევით თავისებურებებს.[xiv]

სექსუალური ორიენტაცია, ჰობი, სოციალური სტატუსი, პროფესია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი… ეს იმ ფაქტორების მოკლე ნუსხაა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებისა თუ დატვირთული მემკვიდრეობისაგან დამოუკიდებლად, ან მათი თანხლებით, ასევე გავლენას ახდენს პიროვნების სუიციდისადმი მიდრეკილებაზე[xv]. მაგ, აღმოჩნდა, რომ ექიმებში 2-ჯერ მაღალია სუიციდის შემთხვევები, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებში.[xvi] ხოლო, ისეთი მავნე ჩვევა, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის თვითმკვლელობის რისკს. ვაშინგტონის სამედიცინო სკოლის (Washington University School of Medicine) მკვლევარებმა თამბაქოს, სუიციდურ აზრებსა და თვითმკვლელობის მცდელობას შორის მჭიდრო კავშირი დაამტკიცეს – მწეველებში, რომლებიც დღეში 20 ღერამდე სიგარეტს მოიხმარენ,  სუიციდის რისკი არამწეველებთან შედარებით ორჯერ მაღალია. [xvii]  [xviii] 

ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები სხვებზე მეტ სტრეს შესაძლოა სრულებითაც არ განიცდიდნენ. თუმცა, მათი ხასიათის გარკვეული შტრიხები პრობლემებთან გამკლავებისთვის ბარიერი ხდება. ასეთ სიტუაციებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ოჯახური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. სუიციდური ფიქრების და თვითმკვლელობის მიზეზი ხდება.

ზოგადად, სუიციდი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. ის, 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილობის სამიდან ერთ-ერთი, ხოლო 15-29 წლამდე მეორე წამყვანი მიზეზია. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-ზე მეტ ასაკობრივ ჯგუფებში ფიქსირდება. ხოლო თვითმკვლელობათა 75% დაბალ და საშუალო შემოსავლებიან ქვეყნებში ხდება. თავის ჩამოხრჩობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის მოკვლა და მომწამლავი ნივთიერების დიდი ოდენობით მიღება, სუიციდის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ამ თუ სხვა საშუალებით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი ემშვიდობება სიცოცხლეს. გლობალურად, ყოველწლიურად 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით.[xix]

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სუიციდი აქტუალური საკითხია. ასაკის, სქესის თუ ეროვნების მიუხედავად, ბევრი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. რამდენადაც ქართველ საზოგადოებაში (ისევე როგორც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში) გარკვეული ტაბუ არსებობს ამ საკითხებთან მიმართებაში, თვითმკვლელობის ოფიციალური მონაცემები არასრულფასოვანია. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელეობით ასრულებენ.

თვითმკვლელობა ძლიერ სტრესულ სიტუაციაზე ადამიანის უკიდურესი რეაქციაა. ასეთ დროს მას არ შეუძლია, ან ვერ ბედავს სხვას მიმართოს დასახმარებლად. ამ მხრივ, თვითმკვლელობის მცდელობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდები არიან. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემები (მაგალითად, პრობლემები სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობაში, ან სწავლის კუთხით, გარეგნობის კომპლექსები, მშობლებთან უთანხმოება..) გლობალურად, 12-დან-16 წლამდე მოზარდებში ბიჭების 10% და გოგოების 20%-ის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება[xx].

ფსიქოლოგების მტკიცებით,  სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს  (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად, ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“… გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუიშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

ადამიანების უმეტესობა, რომლებიც თვითმკვლელობისკენ დგამენ ნაბიჯს, ამითი მხოლოდ ტკივილის, დისკომფორტის თუ იმედგაცრუების თავიდან აცილებას ცდილობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც სცადეს თვითმკვლელობა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს ჩანაფიქრი, შემდგომში ამ მცდელობას აღარ იმეორებენ. თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი კი უხშირესად თვითმკვლელობის თავიდან აცილების საშუალება  ხდება.[xxi]

და ბოლოს…

ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით სწავლობენ იცხოვრონ და გაუმკლავდნენ ამ პრობლემას; ადამიანები, რომლებსაც სუიციდისკენ მიდრეკილება აქვთ, სწავლობენ აკონტროლონ თავიანთი ემოციები. იქნებ, დროა,  ფიზიკურად და ფსიქიკურად „ჯანმრთელმა“  ადამიანებმაც ისწავლონ, რომ „ნორმა“ და „ნორმიდან გადახრა“ ხელოვნურად შექმნილი მცნებებია როცა საქმე ადამიანის პიროვნებას ეხება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს კი გარიყვა და იზოლირება კი არა, მხარში დგომა და გულისხმიერებით გაძლიერება ესაჭიროება, ისევე, როგორც ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას.

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://www.dhhs.tas.gov.au/mentalhealth/about_mental_illness/types_of_mental_illness

[ii] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/

[iii] http://ncdc.ge/pdf/GEO688.pdf

[iv] http://www.cdc.gov/mentalhealth/basics/burden.htm

[v] http://www.who.int/mental_health/media/en/investing_mnh.pdf

[vi] http://www.bhr.org/mentalill.asp

[vii] http://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mental-illness/in-depth/mental-health/art-20046477

[viii] http://www.mentalhealth.org.uk/help-information/mental-health-a-z/S/suicide/

[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12956832

[x] http://journals.cambridge.org/action/displayAbstract?fromPage=online&aid=8264063

[xi] http://facts.randomhistory.com/2009/07/15_suicide.html

[xii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK107191/

[xiii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4021024

[xiv] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/622217

[xv] http://www.nhs.uk/Conditions/Suicide/Pages/Causes.aspx

[xvi] http://www.medscape.com/viewarticle/410643_2

[xvii] http://genetics.wustl.edu/blog/study-smoking-may-contribute-to-suicide-risk/

[xviii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2585177/

[xix] http://www.who.int/mediacentre/news/releases/2014/suicide-prevention-report/en/

[xx] http://chealth.canoe.ca/channel_condition_info_details.asp?disease_id=135&channel_id=40&relation_id=55627

[xxi] http://www.helpguide.org/articles/suicide-prevention/suicide-prevention-helping-someone-who-is-suicidal.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s