ის მომენტი, როცა გინდა, რომ შენმა იმუნურმა სისტემამ ნაკლები ძალით იმუშაოს…

box-head-crowd-150 (1)

არასასიამოვნო შესახედაობის, მოვერცხლისფრო ქერქით დაფარული გამონაყარი კანზე… ამგვარი სიმპტომებით კანის დაავადებები ჯერ კიდევ  ასეული წლების წინ იყო ცნობილი. ძველ ეგვიპტეში ძლიერი ქავილით მიმდინარე მსგავსი დაავადებების აღსაწერად სიტყვა „ფსორა“ გამოიყენებოდა. მართალია, ისინი თავისი არსით სრულიად განსხვავდებოდა ფსორიაზის ჩვენთვის ცნობილი კლინიკური მახასიათებლებისგან, თუმცა, იმისი მტკიცებულება, რომ თვითონ დაავადება ათასწლეულებია არსებობს, მუმიფიცირებულმა ადამიანებმა შემოგვინახეს; რომის იმპერიის ხანაში, ქრისტესშობიდან 1 საუკუნეში კი კორნელიუს ცელსუსმა თავის წიგნში ფსორიაზი აღწერა, როგორც კანის მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც ჩნდებოდა კიდურების კანზე და ფრჩხილებზე…

ასეული წლების მანძილზე ფსორიაზი კეთრთან იგივდებოდა. ამას თან სოციალური სტიგმა, იზოლაცია და სირცხვილი სდევდა. მითუმეტეს, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ ისეთ არასასიამოვნო მეთოდებს მიმართავდნენ, როგორიცა ძაღლისა და კატის ექსკრემენტების, ნავთის, ბატის ქონის და სპერმის, ნიორის ზღვის მარილთან და შარდთან ნარევის კანის დაზიანებულ უბნებზე წასმაა. უსაზღვრო ფანტაზიის და სამკურნალოდ გამოყენებული მრავალფეროვანი საშუალებების მიუხედავად, რასაკვირველია, მსგავსი მკურნალობა უფრო ართულებდა მდგომარეობას… შუასაუკუნეების ევროპაში ფსორიაზით დაავადებულები იძულებულები იყვნენ თავიანთი მოახლოება ზარის რეკვით ეცნობინებინათ მოსახლეობისთვის. ისინი ირიყებოდნენ საზოგადოებისგან.

ინგლისელი ექიმი, რობერტ ვილენი (Robert Willan) იყო პირველი ადამიანი, რომელიც შეეცადა, ნაწილობრივ გაემიჯნა ფსორიაზი კეთრისაგან (მე-19 საუკუნის დასაწყისი). მან თავის წიგნში „კანის დაავადებების შესახებ“ აღწერა ფსორიაზის რამდენიმე ტიპი, ასევე  დაავადების სიმპტომების გამოვლენის თავისებურებები: „..იწყება მუხლებიდან და იდაყვიდან, აზიანებს თავის თმიან ნაწილს და ფეხის თითების ფრჩხილებს…“გერმანელმა დერმატოლოგმა, ფერდინანდ ვონ ჰერბა (1806-1880) კი, 1841 წელს, მიკროსკოპული კრიტერიუმების საფუძველზე, საბოლოოდ გამიჯნა ფსორიაზი კეთრისგან. თუმცა, ფსორიაზის ისტორია აქ არ სრულდება – ამ დაავადების ირგვლივ არსებულ ჯერაც ბევრ კითხვაზეა გასაცემი პასუხი. [i]

ფსორიაზით მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის 3%-ია დაავადებული. ის შესაძლოა გამოვლინდეს ორივე სქესის წარმომადგენლებში, ნებისმიერ ასაკში, ძირითადად – 15-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში[ii]. რაც შეეხება ფსორიაზის გამომწვევ მიზეზებს, დღემდე არაა ბოლომდე შესწავლილი. თუმცა დადასტურებულია, რომ ეს დაავადება დაკავშირებულია ორგანიზმის იმუნურ სისტემასთან და აქვს მემკვიდრული წინასწარგანწყობა.[iii]

ჩვეულებრისამებრ, კანის  უჯრედები კანის ღრმა შრეებში წარმოიქმნება, ბაზალური შრიდან ზედაპირზე ამოდის, შემდეგ კი გარქოვანებას განიცდის და შეუმჩნევლად იქერცლება. ეს ციკლი 3-4 კვირა გრძელდება. ფსორიაზის დროს ეს პროცესი დაჩქარებულია და მხოლოდ 3-7 დღე გრძელდება. აღმოჩნდა, რომ ფსორიაზის მქონე ადამიანების იმუნური სისტემის T უჯრედები შეცდომით ახლადწარმოქმნილ, ჯანსაღ უჯრედებს უცხო სხეულად აღიქვამენ და უტევენ მათ. ეს თავის მხრივ სიგნალია იმისთვის, რომ დამატებით ახალი უჯრედები წარმოიქმნას უმცირეს დროში. ახლადწარმოქმნილი უჯრედების თავიდან მოსაშორებლად კი უფრო და უფრო მეტი T უჯრედი გამომუშავდება – იქმნება ჩაკეტილი წრე. ძველი უჯრედები ამ დროს ვერ ასწრებს აქერცვლას, გროვდებიან კანის ზედაპირზე და წარმოქმნიან ანთებით, მოვერცხლისფრო ქერქით დაფარულ უბნებს, რომელიც  ადვილად ზიანდება და  სისხლმდენი ხდება.[iv]

იმუნური სისტემის არაადექვატური აქტივობის ერთ-ერთ მიზეზად  მეცნიერები გენეტიკურ წინასწარგანწყობას ასახელებენ. აღმოჩნდა, რომ 3-დან 1 ადამიანს, რომელსაც ფსორიაზი აღენიშნება, იგივე დაავადების მქონე ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი ყავს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გენეტიკური წინასწარგანწყობისა, ყველას არ უვითარდება ეს დაავადება. აუცილებელია გენების „სწორი“ კომბინაცია და ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედება, როგორიცაა სტრესული სიტუაციები, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება და თამბაქოს მოხმარება, კანის დაზიანებები, ყელის სტრეპტოკოკული ინფექციები, ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში…[v]

ფსორიაზი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა მხოლოდ არასასიამოვნო ფაქტი, სხვისთვის, კი დეპრესიის და უიმედობის მიზეზი იყოს. მას, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებებს, გამწვავებები და რემისიები ახასიათებს, ამიტომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. სწორი მკურნალობის პირობებში რემისიები შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, თუმცა  არასწორი მკურნალობის და მაპროვოცირებელი ფაქტორების გავლენით, შესაძლოა, სიმპტომებმა თავი რამოდენიმე დღეში იჩინოს.  ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მოწევის გადაგდება, წონის კონტროლი, ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე თავის შეკავება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსორიაზის მკურნალობის დადებით შედეგზე…

ფსორიაზი…დიახ, ეს ის მომენტია, როცა ჩნდება სურვილი, რომ შენი იმუნური სისტემა უფრო სუსტი იყოს, რათა უფლება მისცეს კანის უჯრედებს იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში.. დიახ, ეს ის მდგომარეობაა, როცა დაზიანებები კანზე დისკომფორტის და არცთუიშვიათად ტკვივილის მიზეზი, ან თუნდაც სხვებისგან გარიყვის შიშის საფუძველია.  თუმცა, არ ღირს დაემალო პრობლემებს, მით უმეტეს რომ მისი მართვა შესაძლებელია.

ეს ყველამ უნდა იცოდეს! ფსორიაზი არ არის გადამდები დაავადება;

შენ ვერ დაავადდები ფსორიაზით დაავადებულ ადამიანთან შეხებით ან მასთან ერთად საცურაო აუზში ცურვით, ან თუნდაც ინტიმური კონტაქტით.

 

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

[i] http://cdn.intechopen.com/pdfs-wm/32469.pdf

[ii] http://www.worldpsoriasisday.com/web/page.aspx?refid=114

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3068801/

[iv] http://www.skincarephysicians.com/psoriasisnet/whatis.html

[v] https://www.aad.org/dermatology-a-to-z/diseases-and-treatments/m—p/psoriasis/who-gets-causes

 

[i] http://cdn.intechopen.com/pdfs-wm/32469.pdf

[ii] http://www.worldpsoriasisday.com/web/page.aspx?refid=114

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3068801/

[iv] http://www.skincarephysicians.com/psoriasisnet/whatis.html

[v] https://www.aad.org/dermatology-a-to-z/diseases-and-treatments/m—p/psoriasis/who-gets-causes

ნათია ქაქუთია

დატოვე კომენტარი