შშმპ… ანუ ჩვენ

images „…და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად

და ხატად ღმრთისა შექმნა იგი…“

(დაბ.1.26-27)

შიში შეუცნობელის მიმართ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტია.  ამ ინსტიქტის „წყალობით“ საუკუნეების მანძილზე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებდნენ და/ან იქცეოდნენ, საზოგადოებისაგან გარიყულნი ხდებოდნენ, მათ შორის, ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებითაც.

ინფორმაციის დეფიციტი, შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მიზეზების, მისი  მართვის და დახმარების არცოდნა დამატებით ფაქტორებთან ერთად,  სხვადასხვა სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და შემდგომში ამ ადამიანების საზოგადოებისაგან გამიჯნვას უწყობდა ხელს. ამიტომაც, სტერეოტების და მათი მიზეზების ძიებისას, უამრავი სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებს მივადექით, მოვიკვლიეთ და მოკლე ინფორმაციებიც მოვამზადეთ იმ იმედით, რომ კიდევ მივუბრუნდებით და უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელებთ თითოეულზე.

ცოდნის ნაკლებობა

ინფორმაციის დეფიციტი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ანდა შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მიზეზების არცოდნა, სტიგმის წარმოშობის მიზეზი ხდებოდა ძალიან ხშირად. ასე, მაგალითად, ქალის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის გაჩენა ამ ადამიანების, ან მათ წინაპართა ცოდვებს მიეწერებოდა. არასწორ წარმოდგენებს დამატებული ის ფაქტი, რომ ბავშვის აღზრდა გარკვეულ სირთულეებთან (ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ფინანსურ და სხვა) იყო და არის დაკავშირებული, ხშირად იმის მიზეზი ხდებოდა, რომ მშობლებს ისინი სპეციალიზირებულ თავშესაფრებში დაეტოვებინათ, ან  საზოგადოებისგან დამალული ყოლოდათ. ნორმალურ სოციალურ ურთიერთობებს მოკლებულ პატარებში კი დროთა განმავლობაში მყარად იდგამდა ფესვებს საკუთარი თავის მიმართ „უსარგებლოს“ და „ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებულის“ წარმოდგენები. საკუთარი შესაძლებლობების უგულვებელყოფას ხელს კიდევ უფრო უწყობდა საზოგადოების მხრიდან მათი მიმართულებით  წამოსული არაადეკვატური დამოკიდებულება, რომ არაფერი ვთქვათ ხაზგასმულ სიბრალულზე, ან სულაც ზიზღსა და აგრესიაზე.

ადამიანი

ადამიანები სახეობებად არ ვიყოფით, მითუმეტეს, არაბუნებრივია გარკვეული ნიშან-თვისებებით ჩვენი კატეგორიებად დაყოფა: ოჯახი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებაა, ჩვეულებრივი ოჯახია; მშობლები, რომლებთან შეზღუდული შესაძლებლობების შვილი ყავთ, ჩვეულებრივი მშობლები არიან; ადამიანი რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია – ადამიანია ისეთივე მოთხოვნილებებით, სურვილებით და საჭიროებებით, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი…

ღირებულებათა გადაფასებამ, ცოდნის გაღრმავებამ თუ გამოცდილებამ  საზოგადოებას აჩვენა, რომ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორც ე.წ. „ნორმალურ“ ადამიანებს. სამწუხაროდ, საუკუნეებით გამტკიცებულ წარსულს უკვალოდ არ ჩაუვლია – სტერეოტიპები და მითები იმაზე, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდები უსარგებლონი არიან საზოგადოებისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ ან/და ინდივიდზე კონკრეტული შეზღუდული უნარით  აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ისე, როგორც მცენარეზე და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ადამიანებს შორის განსხვავება (არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ კანის ფერი, აღმსარებლობა გენდერი და ა.შ.) უფრო მეტად ხვდება სხვა ადამიანებს თვალში, ვიდრე მსგავსი, საერთო…

მედია

21-ე საუკუნეში, სადაც ადამიანები მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საზრდოობენ, არცთუიშვიათად სწორედ მედია ხდება ჩვენს ცნობიერებაზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მთავარი ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში, მედია საშუალებები არ ერიდებიან ამა თუ იმ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული ან მასტიგმატიზებელი სცენების ჩვენებას, რადგან ეს შეიძლება მათთვის მომგებიანი იყოს;[i]

სარეკლამო სააგენტოები, რომლებსაც ხშირად დაპყრობილი აქვთ მედია სივრცე მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდების მიზნით, როგორც წესი შშმ პირების საჭიროებების იგნორირებას ახდენენ. უბრალოდ ივიწყებენ რომ არსებობობენ. ეს კი ამ ადამიანების, როგორც მომხმარებლების უარყოფა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მათი დანარჩენი საზოგადოებისგან გამიჯვნის ხელშეწყობაა;

სხვა შემთხვევაში,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების წარმოჩენა ხდება „საბრალო“, სხვაზე დამოკიდებულ, პირადი ცხოვრების არმქონე (არა ინტერესების, არა სურვილების, არა მკაფიოდ გამოხატური პიროვნული თვისებების, არა სექსუალურობის, არა ურთიერთობისა და მეგობრობის საჭიროების მქონეები და ა.შ.), ან მოწუწუნე ადამიანებად, ან სხვა არასახარბიელო კუთხით… ეს კი სტერეოტიპის – შეზღუდული შესაძლებლობის, ანუ როგორც „უუნაროს“ – გენერალიზებას და ამ ადამიანების სტიგმატიზებას განაპირობებს.

უნარი და შესაძლებლობები, რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული დატვირთვის მქონე ტერმინებია, მითუმეტეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ინდივიდებს უხშირესად აქვთ უნარები, მაგრამ არ აქვთ შესაფერისი შესაძლებლობები გამოავლინონ ისინი. ამგვარად, ტერმინი „უნარშეზღუდული“ დისკრიმინაციული დატვირთვის მტარებელია.

სტიგმა და დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია[ii] (ლათ. Discriminatio – განსხვავება) რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ უთანასწორო და უსამართლო მოპყრობას ნიშნავს. რაც შეეხება ტერმინს „სტიგმა“ (ძვ. ბერძნული სიტყვა), ის მონის, ტუსაღის თუ მოღალატის სხეულზე სპეციალურად დასმული დაღის აღმნიშვნელი იყო. სტიგმის, ანუ დაღის მატარებლები საზოგადოებისგან გარიყული უნდა ყოფილიყო.[iii] მოგვიანებით, ქრისტიანობაში ამ ტერმინს წმინდა დატვირთვა მიეცა და  მორწმუნის სხეულზე ქრისტეს სხეულზე აღბეჭდილი ჭრილობის მსგავს ჭრილობას გულისხმობდა. დღეს, ეს ტერმინი თავისი პირვანდელი დანიშნულებით მოიაზრება. მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი სოციოლოგი, ამერიკელი ერვინ გოფმანი „სტიგმას“უწოდებს მოვლენას, რომლის საშუალებითაც სხვა ადამიანების რეაქცია ამახინჯებს ნორმალურ იდენტობას.[iv]

მართალია, სტიგმა და დისკრიმინაცია თითქოს განსხვავებული მცნებებია, თუმცა საზოგადოებაში არსებული სტიგმა დისკრიმინაციის მიზეზი ხდება (ადამიანების უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას)[v] – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სოციალური სტიგმა კი ამ ადამიანებს სწორედ უსამართლოდ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობას ანიჭებს.

მაგალითისთვის: საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმას კარგად ასახავს   დიდ ბრიტანეთში შეზრუდული შესაძლებლობების მქონე შვილების მშობლებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები. გამოკითხულ მშობელთათა 70%-მა აღნიშნა საზოგადოების მხრიდან მათი შვილებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება, რაც ვერბალური, ემოციური, ვიზუალური ან ფიზიკური ნეგატიური ქცევებით, ან სრულებითაც ბავშვების უგლვებელყოფით, ზოგ შემთხვევაში კი გადამეტებული, ზედმეტი მზრუნველობით გამოიხატებოდა.[vi] ხშირად, დისკრიმინაცია მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას არ მოიცავს. ის შესაძლოა, პოზიტიური სახისაც იყოს. სიბრალური, გადამეტებული ყურადღება ან თუნდაც ზედმეტი ჩარევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაში პოზიტიური დისკრიმინაციის მეტად დამთრგუნველი გამოხატულებაა. არაადეკვატური და ხშირად უადგილო, თუნდაც დადებითი ემოციები კიდევ უფრო ამწვავებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებში სტიგმას და უმწეობისა და უუნარობის გრძნობას.[vii]

 ციფრები

მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს, ანუ დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ესა თუ ის შეზღუდული შესაძლებლობა  (ფიზიკური თუ მენტალური) გააჩნია;  15 წლის და მეტი ასაკის 110-190 მილიონ ადამიანს ფუნქციონირებაში საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა აღენიშნება[viii]. სამწუხაროდ, ამ ადამიანთა უმრავლესობა მოკლებულია დასაქმების, განათლების და რეაბილიტაციის შესაძლებლობებს. ეს საკითხი განსაკუთრებულად მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ჩვენს ქვეყანაში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ არ გაგვაჩნია, რამდენდაც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში  მხოლოდ იმ ადამიანთა სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვთ შშმპ სტატუსი და იღებენ შესაბამის დახმარებას. 2012 წლის მონაცემებით კი მხოლოდ 127 491 პირი იღებს პენსიას[ix]. რეალურად, საქართველოში სპეციფიკური მოთხოვნილებების მქონე  ადამიანთა რიცხვი გაცილებით მეტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევებზე დაყრდნობით, ზოგადად მოსახლეობის 10-15% შშმ პირია.

შშმ პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის I-ლი მუხლის მიხედვით შშმპ-ს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა, შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი, ეფექტური ან თანასწორი მონაწილეობა.[x] თუმცა, აქვე, საზოგადოების თანაცხოვრებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართვის შეფერხება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა და უნარი (შესაბამისი გარემოს არსებობის შემთხვევაში) კონკურენცია გაუწიონ ჯანმრთელ ადამიანს. ისტორიას არაერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის პიროვნება ახსოვს, რომლებმაც მიუხედავად ფიზიკური თუ ინტლექტუალური დარღვევებისა, თავიანთი შესაძლებლობებით ბევრად გაუსწრეს ჩვეულებრივ, „ნორმალურ“ ადამიანებს: მაგ, ფარდობითობის თეორიის ავტორი, აინშტაინი, თანატოლებს გონებრივ განვითარებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩებდა. მას, თავისი უცნაური ქცევებიდან გამომდინარე, მშობლებიც კი  გონებაჩამორჩენილად მიიჩნევდნენ. თანამედროვე მედიცნის ენით აინშტაინს ასპერგერსის სინდრომი ანუ აუტიზმის საშუალო ფორმა ქონდა; ლუი პასტერს (ფრანგი ქიმიკოსი და ბიოლოგი, რომელმაც პასტერიზაციის მეთოდი აღმოაჩინა, ასევე გამოიგონა  ცოფის და ჯილეხის საწინააღმდეგო  ვაქცინა და თავისი გამოგონებებით უთვალავი სიცოცხლე იხსნა) სწავლის პრობლემები  და  დისფაგია  (ყლაპვის პრობლემები), ხოლო [xi] ნაპოლეონ ბონაპარტეს – აუტიზმის  გამოხატული ნიშნები აღენიშნებოდა.[xii] ეტლს მიჯაჭვული  ფრანკლინ რუზველტი, ამერიკის 4 გზის პრეზიდენტი იყო, ხოლო ტომ კრუზს დისლექსიის (კითხვის დარღვევები – ყველაზე ფართოდ გავრცელებული დასწავლის სირთულე) მძიმე ფორმა აქვს, თუმცა ტომისთვის ამას სრულებითაც არ შეუშლია ხელი წარმატებული მსახიობი გამხდარიყო..[xiii]

დიახ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სუსტ, სხვებზე დამოკიდებულ, მით უმეტეს, ძლიერი პიროვნული თვისების ანდა ინტერესების არ მქონე ადამიანებად აღქმა ნამდვილად დიდი შეცდომაა. ადეკვატური დახმარებისა და შესაბამისი გარემო პირობების შემთხვევაში, ისინი მუშაობენ, მართავენ თავიანთ ცხოვრებას, ქმნიან სრულფასოვან ოჯახებს და იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის საწინდარი, გარემოს ადაპტირებას და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად, სწორი განათლებაცაა.

განათლება

სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა 98% სკოლაში არ დადის, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, განათლებულობის დონე მოზრდილებში მხოლოდ 3%-ია (მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში – 1%-ზე ნაკლებიც კი)[xiv]. ისევე როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი სტიგმა და დისკრიმინაცია ხდება მიზეზი იმისა, რომ ეს ადამიანები გაურბიან საზოგადოებასთან ურთიერთობას, ხოლო მათი ახლობლები და მშობლები კი ცდილობენ დამალონ ფაქტი, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ეს თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები მიუხედავად თავიანთი უნარისა, მოკლებულნი არიან საგანმანათლელო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას. ამდენად, თავისებური, მანკიერი წრე იკვრება, რომლის გარღვევას განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც საგანმანათლებლო სისტემისა და ოჯახის მხრიდან, ასევე სკოლის საზოგადოების მხრიდანაც.

კვლევები ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სასწავლო სისტემაში ჩართვა სხვა თანატოლებთან ერთად (ინკლუზია)  აკადემიური განათლების პარალელურად, სხვა მოსწავლეებზე დაკვირვებით,  მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ ურთიერთობებს და ჯანსაღ ქცევებს. ეს კი საზოგადოებაში მათი სრულყოფილი მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. რაც შეეხება ჩვეულებრივი განვითარების მოსწავლეებს, ინკლუზია მათში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბავშვები სწავლობენ, რომ ნორმალური საზოგადოება მრავალფეროვნია, სადაც ყველას ერთნაირი უფლებები აქვთ და მიუხედავად სხვადასხვა შესაძლებლობებისა, შეუძლიათ იყვნენ მეგობრები და ერთმანეთის მხარდამჭერები.[xv]

ბოლოსიტყვა

და კიდევ რამდენი დარჩა საფიქრი, სათქმელი, საწერი…

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://disability-studies.leeds.ac.uk/files/library/Barnes-Media.pdf

[ii] http://dictionary.reference.com/browse/discrimination

[iii] http://www.minddisorders.com/Py-Z/Stigma.html

[iv] Erving Goffman. “Stigma and Social Identity.” Stigma: Notes on the Management of Spoiled Identity. Prentice-Hall, 1963.

[v] http://www.un.org/en/documents/udhr/

[vi]http://www.cafamily.org.uk/media/392373/research_and_reportswhat_makesmyfamilystrongerwhatmakes_families_with_disabled_children_stronger_socially__emotionally_and_practically2009.pdf

[vii]http://www.cerebra.org.uk/English/getinformation/researchpapers/Pages/Dealingwithstigmaastheparentofachildwithdisabilities.aspx

[viii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs352/en/

[ix] http://ssa.gov.ge/files/01_GEO/statistika/EXCEL/12/2012/2012.pdf

[x] http://www.un.org/disabilities/documents/convention/convoptprot-e.pdf

[xi] http://www.gemmlearning.com/blog/reading_and_dyslexia/famous-people-with-learning-disabilities/

[xii]http://www.vmi.edu/uploadedfiles/academics/academic_support/disabilities_services/famous%20people%20with%20learning%20disabilities%20-%20updated.pdf

[xiii] http://hcdg.org/famous.htm

[xiv] http://www.ohchr.org/en/issues/discrimination/pages/discrimination_disabilities.aspx

[xv] http://www.disabilityworld.org/05-06_01/children/inclusiveed.shtml

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s