ეს უნდა იცოდე…

თამბაქო, ეკოლოგია, მეორადი კვამლი

ადამიანის შესაძლებლობებს რომ ზღვარი არ აქვს ამაში დღითიდღე ვრწმუნდებით. კომპიუტერები, რობოტები და მიკროსქემები, რომლებიც სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ წარმოსახვის ნაყოფი იყო, ჩვენი ცხოვრების მართვის მთავარი საშუალება გახდა. მეცნიერება და ტექნიკა უკიდეგანოდ განვითარდა. სამწუხაროდ,  ამ  გრანდიოზული მიღწევების მიღმა დარჩა დაბინძურებული გარემო.

გარემოს დაბინძურება ჩვენი საუკუნის ნომერ პირველ გლობალურ პრობლემადაა  მიჩნეული: დაბინძურებულია  წყალი, ნიადაგი, ჰაერი. ჩვენი სახლი, სადაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ, არცთუისე უვნებელია – საშენი მასალაც კი, რომლითაც შენობაა ნაგები ან/და ავეჯია შექმნილი, შესაძლოა რადიაციული გამოსხივების წყარო აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიური სიჯანსაღით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

ის რომ დაბინძურებული გარემო, უხარისხო და გენმოდიფიცირებული საკვები უამრავი დაავადების განვითარების რისკს წარმოადგენს, ასეთუისე ყველამ ვიცით. ამ ფონზე ზოგჯერ გაუგებარი და მოსაბეზრებელიც კია აქცენტი სიგარეტის მავნებლობაზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სიგარეტი მწეველების უმეტესობისთვის სტრესთან, სიხარულთან, დაღლილობასთან „გამკლავების“ ერთერთი აუცილებელი ატრიბუტია, შესაძლოა სამართლიანადაც კი მოგვეჩვენოს მწეველების შენიშვნა „მირჩევნია ვაკეთო ის, რაც მართლა მსიამოვნებს და მოვწიო. რა მნიშვნელობა აქვს რა მომკლავს, სიგარეტი თუ დაბინძურებული გარემო. მითუმეტეს, ბევრჯერ  მინახავს სრულიად ჯანმრთელი, სტაჟიანი მწეველი და ავადმყოფი არამწეველი…“

არადა, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად აჯობებს გონივრულად შევაფასოთ შექმნილი სიტუაცია და დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ.

დაავადებების განვითარების რისკს ესა თუ ის ქცევა ან მდგომარეობა განსაზღვრავს. მათ „რისკ-ფაქტორები“ ეწოდებათ. მაგალითად, კიბოს მკვლევარების მიხედვით, სხვადასხვა სახის კიბოს განვითარებისთვის რისკ-ფაქტორებია ცხოვრების სტილი  – თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება (2ზე მეტი ულუფა დღეში), არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა; აგრეთვე, გენეტიკა, ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, მზის დასხივება, რადიაცია, ვირუსები, ბაქტერიები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ჰაერში, წყალში, საკვებში და სხვა.[i] თუ თამბაქოს მოხმარებას განვიხილოთ როგორც ცალკე აღებულ რისკ-ფაქტორს ისეთი დაავადებისთვის, როგორიცაა ფილტვის კიბო აღმოვაჩენთ, რომ ფილტვის კიბოთი სიკვდილობის 80% სწორედ მოწევასთანაა დაკავშირებული.[ii] თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მწეველს აუცილებლად დაემართება ან პირიქით, არამწეველებს არასოდეს დაემართებათ ეს დაავადება. მაგრამ არსებობს მეტ-ნაკლები ალბათობები. მაგ, 2006 წელს ევროპაში ჩატარებული კვლევის მიხედვით ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა არამწეველ კაცებში 0,2% და  ქალებში 0,4%-ია, მაშინ როცა ყოფილ მწეველებში ეს მაჩვენებელი ასეთია –  5,5% კაცებში და  2,6% ქალებში; ხოლო  იმ  მწეველებში კი, რომლებიც დღეში 5 ღერზე მეტს ეწევიან ფილტვის კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია – 24,4% კაცებში და  18,5% ქალებში[iii]. 20-30%-ით მომატებულია ფილტვის კიბოს რისკი იმ არამწეველებშიც, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ კიბოს განვითარებაში მრავალი ფაქტორი თამაშობს როლს, თუმცა ზოგიერთი ამ ფაქტორის თავიდან აცილება შესაძლებელია (მაგ, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება...); ზოგის, მაგ. მემკვიდრეობა, სამწუხაროდ შეუძლებელი. თუმცა, ქცევითი ფაქტორი, თავის როლს აქაც თამაშობს: ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ფილტვის კიბოს მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე მწეველებში 14-ჯერ იზრდება კიბოს განვითრების რისკი. მსგავსი მემკვიდრეობის მქონე არამწეველებში კი, კიბოს რისკი მხოლოდ 2,5-ჯერ მეტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ  კიბოს 3 შემთხვევიდან 2 ძირითადად ქცევით ფაქტორებთანაა დაკავშირებული, ცხოვრების სტილის შეცვლა დატვირთული მემკვიდრეობის ფონზეც კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ დაავადების განვითრების განვითარების რისკს. [iv]

სამწუხაროდ, თამბაქოს მოხმარება ჩვევაა, რომელიც არამხოლოდ მისი მომხმარებლის, არამედ შესაძლოა შემდგომი თაობის მომავლის განმსაზღვრელიც კი იყოს – დღესდღეობით მსოფლიოში 852 მილიონი მწეველია, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ  ჩვენს ეკო-სისტემას უდიდეს ზიანს აყენებს.[v]

თამბაქოს და მისი მოხმარების ზეგავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ ორგანიზმზე, არამედ ეკოლოგიაზე ნათელი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევების მიხედვთ თამბაქოს მოხმარება ჰაერს 10-ჯერ მეტად აბინძურებს, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანის გამონაბოლქვი.[vi] აღმოჩნდა, რომ თამბაქოს კვამლში მანქანის გამონაბოლქვთან შედარებით  ბევრად მაღალია ნახშირჟანგის (CO) შემადგენლობა. მისი ეს კონცენტრაცია, 30 წუთის განმავლობაში ზემოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანისთვის სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.[vii] ნახშირჟანგთან ერთად მოწევისას 2,6 მილიარდი კილოგრამი ნახშირორჟანგი (CO2) და 5,2 მილიარდი კილოგრამი მეთანი (CH4) გამოიყოფა გარემოში.[viii] ეს აირები ატმოსფეროში გაშვებულ ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავენ და აბრუნებენ  მას დედამიწაზე, რაც დედამიწაზე ტემპერატურის მომატებას იწვევს.

მსოფლიოში ყოველდღიურად დაახლოებით 15 მილიარდი სიგარეტი იყიდება –  10 მილიონი ღერი წუთში. ყოველწლიურად, ამ ოდენობით სიგარეტის დამზადებას  5 მილიონი ჰექტარი (600 მილიონი) ხე ეწირება[ix]. იმის გამო რომ სიგარეტის დასამზადებლად დედამიწის მწვანე საფარის დაახლოებით 3,6 მილიონი ფეხბურთის მოედნის ტოლი ტერიტორია ნადგურდება ყოველწლიურად, გარემოში გამონთავისუფლებული თითქმის 22 მილიონი ტონა ნახშრორჟანგის გარდაქმნა ჟანგბადად ვერ ხერხდება (ამ პროცესისთვის აუცილებელია მწვანე ფოთლები). ეს კი კიდევ უფრო მეტად ზრდის თამბაქოს უარყოფით როლს გლობალური დათბობის საკითხში.[x]

თამბაქოს მოხმარებისას, გარდა ზემოთმოხსენიებული ნივთიერებებისა, 4 000-მდე მავნე, მათ შორის ისეთი უძლიერესი რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა, როგორიცაა   ტყვია-210 და პოლონიუმ-210.[xi]

2006 წლის ნოემბერი. ლონდონის ჰოსპიტალი. გარდაიცვალა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო. მიზეზი – იზოტოპ პოლონიუმ-210-ით მოწამვლა. [xii]

დიახ, ეს სწორედ ის იზოტოპია, რომელიც თამბაქოს ფოთლებში გროვდება და  მაღალი რადიოაქტიური ალფა გამოსხივების წყაროა. ის განსაკუთრებით საშიშია შესუნთქვის, ღია ჭრილობებზე ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას. პოლონიუმის ეს იზოტოპი სისხლში ხსნადია და სისხლისვე საშუალებით ადვილად აღწევს ყველა ორგანოს.  იწვევს გენეტიკურ დაზიანებებს, ღვიძლის და შარდის ბუშტის კიბოს, ლეიკემიას, ციროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს…[xiii]

მოწევისას თამბაქოში არსებული რადიოაქტიური ელემენტები უშუალოდ ხვდება ორგანიზმში; გროვდება ფილტვების ქსოვილში, განსაკუთრებით ბრონქიოლების (წვრილი ბრონქების) განშტოებებში. აზიანებს ფილტვების ქსოვილებს, თირკმლებს, ღვიძლს, ძვლის ტვინს და ელენთას.  კვლევებმა უჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც დღეში კოლოფნახევარ სიგარეტს ეწევა, წელიწადში 8 000 მილირემ (mrem) დასხივებას ღებულობს – ეს  წელიწადში გულმკერდის არეში დაახლოებით 300 რენტგენის დასხივების ტოლფასია.[xiv] (შედარებისთვის: ბუნებრივი რადიაციის ფონზე  ყოველწლიურად ადამიანი მხოლოდ  620 მილირემ (mrem) დასხივებას ღებულობს[xv]).

გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს სიგარეტის ნამწვავებიც.  ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით სიგარეტის 4,5 ტრილიონი ნამწვავი ხვდება.[xvi]  წვიმისას მათი დიდი ნაწილი ირეცხება მდინარეებში, ზღვაში;  80%  წყლის სწორედ იმ საცავებში ხვდება, რომელსაც სასმელად ვიყენებთ. ახლა გავიხსენოთ, რომ ფილტრი, რომელიც სიგარეტშია, მზადდება  ნივთიერებისაგან – ცელულოზის აცეტატი, რომელიც  ბიოდეგრადაციას ფაქტიურად არ განიცდის.[xvii] ხოლო მომწამლავი ნივთიერებების შემცველი ნამწვავები, ფაქტიურად ამ ნივთიერებების მინი კონტეინერები ხდებიან და ამის გამო მათში არსებული ქიმიკატების მეშვეობით მავნე გავლენას ახდენს არამარტო ნიადაგის და წყლის ხარისხზე, არამედ  წყლის ბინადრებზე, დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილ პროდუქტებზე, და სხვა. ეს კი შემდგომ ჩვენი საკვების ხარისხზე აისახება. მოვლენათა ეს ჯაჭვი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს…

აღსანიშნავია ისიც, რომ თამბაქოს ინდუსტრია შეფასებულია, როგორც  გარემოში  ყველაზე სახიფათო და ტოქსიური ქიმიური ნარჩენების გამომყოფი ერთ-ერთი ინდუსტრია. მაგ, 1995 წელს თამბაქოს მსოფლიო ინუსტრიამ 2 262 მილიონი კილოგრამი სამრეწველო და 209 მილიონი კილოგრამი ქიმიური ნარჩენით „შეიტანა წვლილი“ გარემოს დაბინძურებაში. მას შემდეგ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.[xviii]

ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის მიუხედავად ჩვენ ისევე ვართ დამოკიდებული ბუნებაზე, როგორც უწინ. ქუჩაში დაყრილი ნაგავი თუ მოწეული სიგარეტის  თითოეული  ღერი,  სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ისეთი შემადგენელი ნაწილი გახდა, რომელიც  ეკოსისტემის უმოწყალო დაბინძურებას უწყობს ხელს. დიახ, დაბინძურებულია გარემო რომელშიც ვცხოვრობთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით  გლობალურად, დაავადებების 24% და სიკვდილობის 23% სწორედ რომ გარემოს დაბინძურებასთნაა დაკავშირებული[xix]

ცხოვრება გარანტიებს არ გვაძლევს. თუმცა, უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენ არ ვიცით, რა გველის ხვალ, მაგრამ ხვალინდელ დღეზე ზრუნვა დღესვე უნდა დავიწყოთ.

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://www.cancer.gov/cancertopics/understandingcancer/environment/AllPages

[ii] http://www.cancer.org/acs/groups/cid/documents/webcontent/003115-pdf.pdf

[iii] http://lungcancer.about.com/od/Lung-Cancer-And-Smoking/f/Smokers-Lung-Cancer.htm

[iv] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10337715

[v] http://www.cancerresearchuk.org/cancer-info/news/archive/cancernews/2012-08-17-852-million-people-use-tobacco-products-worldwide

[vi] http://www.hc-sc.gc.ca/hc-ps/tobac-tabac/second/fact-fait/index-eng.php

[vii] http://faculty.washington.edu/djaffe/ce3.pdf

[viii] http://www.nsra-adnf.ca/cms/file/files/pdf/factsheet.pdf

[ix] http://www.oxygen.org.au/hardfacts/tobacco-and-the-environment

[x] http://www.popsci.com/environment/article/2008-06/does-smoking-contribute-global-warming

[xi] http://www.epa.gov/rpdweb00/sources/tobacco.html

[xii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19492929

[xiii] http://www.lenntech.com/periodic/elements/po.htm

[xiv] http://www.rmeswi.com/36.html

[xv] http://www.nrc.gov/reading-rm/doc-collections/fact-sheets/bio-effects-radiation.html

[xvi] http://www.ash.org.uk/files/documents/ASH_127.pdf

[xvii] http://www.nsra-adnf.ca/cms/file/files/pdf/factsheet.pdf

[xviii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10465821

[xix] http://www.who.int/quantifying_ehimpacts/publications/preventingdisease.pdf

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s