აღმოჩნდა, მოწევა ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად მავნებელია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული…  

სიგარეტი მავნებელიაარა აქვს მნიშვნელობა რამდენად სახიფათოდ  მიგაჩნდათ აქამდე თამბაქო ჯანმრთელობისათვის,  კვლევებით დადგინდა, რომ  თამბაქოს მოხმარების შედეგები გაცილებით უარესია!

აშშ–ში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებათა სიას კიდევ ხუთი ახალი დაავადება დაამატა და გამოავლიანა, რომ ყოველწლიურად წინა კვლევებით ნავარაუდევთან შედარებით  60,000 ადამიანით მეტი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო. აღნიშნულ კვლევამდე მიიჩნეოდა, რომ აშშ–ში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპებოდა 21 დაავადებით, მათ შორის 12 სხვადასხვა სახის კიბოთი.

ახალი კვლევის შედეგები დაფუძნებულია დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელთა კვლევა მიმდინარეობდა 10 წლის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფილტვის კიბოს, იშემიური დაავადების, გულის შეტევების, ფილტვების ქრონიკული დაავადების და ინსულტის საშიშროების  გარდა, მოწევა ასევე დაკავშირებულია ინფექციების, თირკმლისა დაკუჭ–ნაწლავის დაავადებების რისკის მნიშვნელოვან ზრდასთან (რომელიც განპირობებულია სისხლის მიწოდების გაუარესებით), ასევე გულისა და ფილტვის სხვა დაავადებებთან, რომლებიც მანამდე არ მიეკუთვნებოდა თამბაქოს მოხმარების შედეგებს.  მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს აქვთ საკმაოდ დიდი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დამატებით საფრთხეებზე.

„თამბაქოს ეპიდემია კვლავ ვრცელდება და შესაბამისად, საჭიროა შევაფასოთ თუ რამდენად გვნებს მოწევა ჩვენ, როგორც საზოგადოებას და მხარი დავუჭიროთ ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს…თამბაქო, ჯერ კიდევ ამოუწურავი თემაა“ განაცხადა  ამერიკის კიბოს საზოგადოების ეპიდემიოლოგმა და „The New England Journal of Medicine“–ში კვლევის თაობაზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის “ Smoking and Mortality — Beyond Established Causes”–ის ავტორმა ბრაიან კარტერმა.

თანმხლებ სარედაქციო სტატიაში, გრაამ კოლდიცმა, ვაშინგტონის უნივერისტეტის მედიცინის სკოლიდან, განაცხადა რომ ახალი კვლევის შედეგების თანახმად, აშშ–ის მთვარობის წარმომადგენლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მოწევის  გავლენა საზოგადოების ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, მწეველები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აშშ-ში დამოკიდებულნი არიან Medicaid სახელმწიფო პროგრამაზე, ვერ ღებულობენ საკმარის დახმარებას მოწვევისთვის თავის დასანებებლად.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, დაახლოებით 42 მილიონი ამერიკელი ეწევა– ქალების 15% და მამაკაცების 21%. კვლევემბა აჩვენეს, რომ მათი სიკვდილიანობა 2/3–ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები და საშუალოდ, მწეველები არამწეველებთან შედარებით ათი წლით უფრო ადრე კვდებიან. მწველები არამწეველებთან შედარებით 20-ჯერ უფრო მეტად არიან ფილტვის კიბოს საშიშროების ქვეშ. თამბაქოსადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ღარიბი და განათლების არმქონე ადამიანები.

ბატომა კარტერმა განაცხადა, რომ მან მწეველებში სიკვდილის გამომწვევი მიზეზების უფრო ღრმად შესწავლა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გაეცნო ჯანმრთელობის  ხუთი ფართომასშტაბიანი კვლევის მონაცემებს, რომლებიც ჩაატარეს სხვა მკვლევარებმა. მონაწილეებს შორის იყო 55 წელს ზემოთ 421,378 მამაკაცი და 532,651 ქალი, მათ შორის 89,000 მწეველი.

როგორც მოსალოდნელი იყო, სიკვდილიანობის ალბათობა მეტი აღმოჩნდა მწეველებს შორის. მაგრამ მანამდე ცნობილი დაავადებები, რომლებსაც იწვევს თამბაქოს მოხმარება, მწეველების ჭარბსიკვდილიანობის მხოლოდ 83%–თან იყო დაკავშირებული.

„ვიფიქრე რომ ეს მართლაც დაბალი იყო. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი კოჰორტა.  საჭიროა უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ დეტალებს, გავზარდოთ კვლევაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი და ვნახოთ რა იწვევს მწეველების სიკვდილიანობას ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით“ განაცხადა ბატონმა კარტერმა.

კვლევა დააფინანსა ამერიკის კიბოს საზოგადოებამ. ბატონი კარტერი მუშაობდა ოთხი უნივერისტეტის და კიბოს ეროვნული ცენტრის მეცნიერებთან ერთად.

ეს კვლევა იყო დაკვირვებითი ხასიათის, რაც გულისხმობდა კვლევის მონაწილის ისეთ ჩვევებზე დაკვირვებას, როგორიცაა მოწევა და სტატისტიკური კორელაციის შესაწავლას მწეველის ქცევასა და მის ჯანმრთელობას შორის. კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზ–შედეგობრივ კავშირს, აქედან გამომდინარე კვლევის ეს ტიპი არ მიიჩნევა ისეთივე ძლიერად, როგორც ექსპერიმენტული კვლევები, რომლებშიც მონაწილეებს რანდომიზირებულად ენიშნებათ მკურნალობა ან პლაცებო და შემდეგ ხდება მათი შედარება. მაგრამ ადამიანებს კვლევის ეთიკიდან გამომდინარე  ვერ დაავალებენ მოწევას კვლვების მიმდინარეობისას, ამიტომ მოწევის ეფექტების შესახებ არსებული მონაცემები მომდინარეობს დაკვირვებითი ხასიათის კვლევებიდან.

2000 წლიდან 2011 წლამდე მონაწილეების სიკვდილიანობის ანალიზის     შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ  არამწეველებთან შედარებით, მწეველებში 2-ჯერ მეტი იყო ინფექციით, თირკმლის დაავადებითა და მწვავე რესპირატორული დაავადებებით (რომლებიც აქამდე არ იყო თამბაქოსთან დაკავშირებული) გარდაცვალების ალბათობა. ასევე ორმაგდება ჰიპერტონული დაავადების რისკი, რომელიც გულის უკმარისობის წამყვანი მიზეზია. მწეველებს აგრეთვე ექვსჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ გარდაიცვალონ იშვიათი დაავადებით, რომელსაც იწვევს ნაწლავებამდე სისხლის არასაკმარისი მიწოდება.

ბატონმა კარტერმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია კვლევის შედეგების სისწორეში, რადგან ბიოლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული დაავადებები შესაძლოა დაკავშრებული იყოს თამბაქოსთან.  მისი თქმით, მოწევამ შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა, რითაც გაზარდოს ინფექციის რისკი. ასევე ცნობილია, რომ თამბაქო იწვევს დიაბეტს, მაღალ წნევას და იშემიურ დაავადებას, ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს თირმკლის პრობლემებთან. იშემიურმა დაავადებამ ასევე შესაძლებელია შეზღუდოს ნაწლავებამდე სისხლის მიწოდება. მოწევის შედეგად ფილტვის დაზიანებამ, ინფექციის გაზრდილ ალბათობასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები.

ბატონი კარტერის განცხადებით, ორი სხვა დაკვირვებაც ადასტურებს კვლევის შედეგების სისწორეს. ერთ–ერთმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რაც უფრო აქტიური მწეველია ადამიანი, მით უფრო დიდია დამატებითი რისკები. ხოლო მეორე დაკვირვების შედეგად გაირკვა რომ ყოფილ მწეველებში აღნიშნული რისკები დროთა განმავლობაში მცირდება. საერთოდ, მსგავსი შედეგები, ცნობილი როგორც „დოზა-პასუხი“-ის (dose response) ეფექტი, მიუთითებს, რომ თამბაქოსა და ჩამოთვლილ დაავადებებს შორის გამოვლენილი კოორელაცია არ წარმოადგენს უბრალო დამთხვევას.

კვლევამ ასევე გამოავლინა მწეველებს შორის ძუძუს და პროსტატის კიბოს რისკის მცირე ზრდა.  ბატონმა კარტერმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნა არ არის ისეთივე სარწმუნოობის, როგორც დანარჩენი და დასძინა, რომ დამატებითი კვლევა დაეხმარება დადგინდეს არსებობს თუ არა ბიოლოგიური მექანიზმები, რომელიც გაამყარებს მოსაზრებებს ამ კავშირის შესახებ.

აშშ-ს ”Surgeon General’s Office“ 2014 წლის ანგარიშში (სათაურით „მოწევის შედეგები ჯანმრთელობაზე, პროგრესის 50 წელი“) ნათქვამია, რომ მოწევასა და ძუძუს კიბოს შორის არსებული მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის „დამაფიქრებელი, მაგრამ არა საკმარისი“. ამავე მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოწევა იწვევს პროსტატის კიბოს, მაგრამ აღნიშნულია, რომ იმ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბო, თამბაქოს მოხმარება აუარესებს მათი მკურნალობის შედეგებს.

დაავადებები, რომლებიც „The Surgeon General’s Office“-ის  მიერ მომზადებულ ანგარიშში გასაზღვრულია, როგორც მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებები,  მოიცავს საყლაპავის, კუჭის, ნაწლავის,  ღვიძლის, პანკრეასის, ხორხის, ფილტვის, შარდის ბუშტის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, ტუჩის და პირის ღრუს კიბოს, მწვავე მიელოიდური ლეიკემიას, დიაბეტს, გულის დაავადებას, ინსულტს, ათეროსკლეროზს, აორტის ანევრიზმას, სხვა არტერიების დაავადებებს, ფილტვის ქრონიკულ დაავადებას, პნევმონიას, გრიპს და ტუბერკულოზს.

 

თარგმნა და მოამზადა თეონა თოდუამ

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

გამოყენებული წყაროები:

  1. http://www.nytimes.com/2015/02/12/health/smokings-health-toll-worse-than-previously-thought-study-says.html?smid=fb-share&_r=0
  2. http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMsa1407211#t=abstract
  3. http://medicaid.gov/
  4. http://www.surgeongeneral.gov/library/reports/50-years-of-progress/#fullreport

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s