შენ შეგიძლია შეცვალო..

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება

T_0117_stop-smoking-support_506552304_A

ჯანმრთელობა რომ შეუფასებელი სიმდიდრეა, ალბათ ამაში ორი აზრი არ არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა მასზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როდესაც სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. არადა, ამ პრობლემების დიდი ნაწილის თავიდან აცილება ჩვენი ცხოვრების წესის სულ უმნიშვნელო ცვლილებითაცაა შესაძლებელი.

დღეს, სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის (ქცევები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და თავის თავში აერთიანებს ისეთებს, როგორიცაა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა...) ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – ფიზიკურ აქტივობასა და თამბაქოს მოხმარებაზე გვინდა გესაუბროთ. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ინაქტივობა იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მწეველობა (დაახლოებით 1 ადამიანი 6 წამში), ერთი შეხედვით ძნელია ამ ორ, არსობრივად განსხვავებულ ქცევას შორის კავშირის მოძებნა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამბაქოზე თავის დანებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა დასაშუალება სწორედ ფიზიკური აქტივობაა (ფიზიკური აქტივობა არის ყველა ის მოძრაობაა, რაც კუნთებით ხორციელდება და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს: თამაში, სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, მუშაობა სახლში…). მაგ, ტაივანში ჩატარებულმა 12 წლიანმა (1996-2008წწ) კვლევამ, რომელშიც  434 190 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, უჩვენა, რომ საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა (აქტივობა, რომლის დროსაც უმნიშვნელოდ იცვლება გულის ცემა და სუნთქვის სიხშირე. მაგალითად, ფეხით ჩქარი სიარული, მუშაობა სახლში და ბაღში, აერობიკა, ცეკვა…) მწეველებში 55%-ით ზრდის თამბაქოზე თავის დანებების და 43 %-ით ამცირებს თამბაქოს მოხმარების ხელახლა დაწყების შანსს[i].

ალბათ, საინტერესოა რა განაპირობებს ფიზიკური აქტივობის ამგვარ დადებით ზეგავლენას  თამბაქოს გადაგდების პროცესზე. დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მოქმედებს ტვინის გარკვეულ უბნებზე, იწვევს ენდორფინის – სიამოვნების ჰორმონების – გამოყოფას და იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების პარალელურად უჩნდება. ამგვარად, მწეველისთვის ნიკოტინი საშუალებაა, რათა თავი კომფორტულად/ნორმალურად იგრძნოს. დამტკიცდა ისიც, რომ  ფიზიკური აქტივობა,  ნიკოტინის მსგავსად, ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას იწვევს. ეს კი  თავის მხრივ, ხელს უწყობს თამბაქოს გადაგდების სიმპტომების (როგორიცაა გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა) შემცირებას და ზრდის ამ მავნე ჩვევაზე წარმატებულად თავის დანებების შანსს.  [ii] [iii] [iv]

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლების სარგებელი მხოლოდ გუნება-განწყობილების ამაღლებით არ შემოიფარგლება. კვლევებმა უჩვენა, რომ მწეველებში ფიზიკური აქტივობა 50%-ით ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო… და მკვეთრად ამცირებს სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვალების რისკს (ფიზიკურად აქტიურ მწეველებში რისკი 23%-ით, ხოლო ფიზიკურად აქტიურ ყოფილ მწეველებში 43%-ით მცირდება)…[v]

როგორც ვხედავთ, სულ მცირე ძალისხმევაც კი, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გავიღებთ, დაუყოვნებლივ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, არ ღირს დაველოდოთ სასწაულს, როცა მისი შექმნა თვითონაც შეგვიძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ იქნება ძნელი, მცირე დრო მაინც დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. მითუმეტეს, რომ მეცნიერების მტკიცებით, მინიმალური ფიზიკური აქტივობისთვის 30 წთ-ია საკმარისი, რომლის გადანაწილებაც დღის განმავლობაში  10-10 წუთიან აქტივობებად შესაძლებელია.

 ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

[i] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22861822

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iv] http://www.health.harvard.edu/newsweek/Exercise-and-Depression-report-excerpt.htm

[v] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php

Advertisements

 თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა

„არსებობს უამრავი სამედიცინო და მეცნიერული საბუთი იმისა, რომ

 სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვის კიბოს, გულის დაადვადებებს,

ემფიზემას და სხვა სერიოზულ დაავადებებს მწეველებში…

არ არსებობს  სიგარეტის უსაფრთხო ფორმა…“ ფილიპ

მორისის თამბაქოს კომპანია [i] (1999 წელი)

Cigar-danger-3უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. თავისუფალია არჩევანი როგორც თამბაქოს  მოხმარებაზე ასევე, მოხმარებისგან თავის შეკავებაზე. თუმცა, არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს სხვებისთვის ზიანის მიყენების უფლებას. თამბაქოს მოხმარებისაგან კი ზიანი მწეველთან ერთად ადგებათ იმათ, ვინც არ მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ ხვდება გარემოში სადაც სხვები ეწევიან.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა 2003 წლიდან არსებობს, თუმცა მისი აღსრულება წლების განმავლობაში შესაბამისად ვერ ხორციელდებოდა. მოუხედავად არსებული კანონმდებლობისა, სულ რამოდენიმე თვის წინაც კი მწეველებს შეეძლოთ მოეწიათ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ თითქმის ყველგან და ყოველთვის. შედეგიც სახეზეა. საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებისგან 11 000 ადამიანი, მათ შორის 3000 პასიური მწეველი იღუპება (პასიური მწეველია ადამიანი, რომელიც არ მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ ჩაისუნთქავს თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ჰაერს).

2013 წელს საზოგადოების თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში დაიგეგმა ცვლილებების შეტანა; მკაცრდება რეგულაციები და კანონის აღსრულების მექანიზმი ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა თამბაქოთი ვაჭრობა სასწავლო დაწესებულებებთან, არასრულწლოვნებზე გაყიდვა, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ტრანსპორტში, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში… იზარდება ფასი სიგარეტზე…

კანონმდებლობაში თამბაქოს კონტროლის კუთხით მიმდინარე ცვლილებმა თამბაქოს მომხმარებლებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ცვლილებებს მწეველების უფლებების დარღვევად მიიჩნევს; ზოგის აზრით მომატებული ფასი სიგარეტზე  სახელმწიფოს მხრიდან მათი „გაძარცვის“ მორიგი ხერხია… თუმცა, კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მიზანი არათუ მწეველების შევიწროება, არამედ მათი, ისევე როგორც არამწეველების ჯანმრთელობის დაცვაა.

მსოფლიოს ისტორიაში  თამბაქოს კონტროლის პირველ მცდელობებს  ადგილი  ჯერ კიდევ მანამ ქონდა, სანამ ცივილიზებული სამყარო თამბაქოს მავნებლობის შესახებ აღმოჩენებს გააკეთებდა. თავდაპირველად, თამბაქოს მოხმარების აღკვეთის  მცდელობებს  მორალური საფუძველი უფრო ქონდა, ვიდრე წუხილები ჯანმრთელობაზე, თუმცა, სასჯელი ხშირად უმკაცრესი იყო. ცნობილია, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში, თამბაქოთი ვაჭრობის გამო ირანის შაჰმა სეფიმ 2 ვაჭარი სიცოცხლეს  სასტიკი ხერხით გამოასალმა – მათ ცხელი ტყვია ჩაასხეს პირში. ახალი, მაგრამ მალევე მსოფლიოს სენად ქცეული ჩვევა არც ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რუსეთს, მიუღია ხელგაშლილად.  რუსეთის მეფე ალექსიმ (1634 წელს) თამბაქოს მოხმარების პირველ შემთხვევაზე სასჯელად გამათრახება, ცხვირის მოჭრა  და გაციმბირება, მეორე შემთხვევაზე კი სიკვდილით დასჯა დააწესა. მკაცრი იყო  ჩინეთის 1634 წლის რეგულაციებიც თამბაქოს დისტრიბუციასა და გამოყენებაზე და დეკაპიტაციას (თავის მოჭრა) განსაზღვრავდა[ii]. თამბაქოს კონტროლის ერთ-ერთ პირველ მცდელობას ადგილი ქონდა ინგლისშიც (1604წ): პირველი გადასახადები თამბაქოზე ინგლისის მეფემ ჯეიმს პირველმა დააწესა.  მიუხედავად მკაცრი სასჯელისა, თამბაქოს ინდუსტრიამ მაინც შეძლო ფეხის მოკიდება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. აქ თამბაქო  მე-18 საუკუნეში შემოვიდა და არათუ იკრძალებოდა, არამედ  უკვე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მეთამბაქოებაც განვითარდა.[iii]

მართალია არამიზანმიმართული, მაგრამ ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც  ნიკოტნის შემცველი ნაწარმის გაყიდვების რეგულაციას ითვალისწინებდა, მიღებული იყო აშშ-ში – „ფედერალური კანონი საკვებსა და წამლებზე“ (Federal Food and Drugs Act1906 ). ის ფალსიფიცირებული მედიკამენტებისა და საკვების გაყიდვას კრძალავდა და  ეტიკეტებზე მათი შემადგენლობის დაწერას მოითხოვდა. რამდენადაც,  ნიკოტინი ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში შედიოდა, ამ კანონით შესაძლებელი ხდებოდა ნიკოტინის შემცველი ნაწარმის (თამბაქოს) გაყიდვების რეგულირება.  თამბაქოს ინდუსტრიამ, თავისი უკვე მრავალმილიონიანი ბიზნესისთვის მუქარა იგრძნო, თუმცა საფრთხე მარტივად აიცილა.  კერძოდ, მათი ლობირებით ნიკოტინი ამოღებულ იქნა მედიკამენტების სიიდან იმის ნიადაგზე, რომ ის არ გამოიყენებოდა დაავადებების პრევენციის, მკურნალობის ან/და მდგომარეობის შესამსუბუქებლად [iv].

მეოცე საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, როცა ზოგიერთ ქვეყანაში, თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით თამბაქოს წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გაჩაღდა. საქართველო ამ ქვეყნების რიგს მოგვიანებით შეურთდა, თუმცა არცთუ ისე დიდი წარმატებით. საზოგადოების ინფორმირება თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შესახებ, ერთ-ერთი პირველი წარმატებული  გადაწყვეტილება იყო თამბაქოს კონტროლის საკითხებზე. მაგალითად, სიგარეტის კოლოფებზე პირველ გამაფრთხილებელ წარწერას „სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის“ (1965 წელი, აშშ) მომხმარებლების მკვეთრი შემცირება მოყვა (თუმცა ინდუსტრიამ თავისი სწორად გათვლილი ტაქტიკით მალევე შეძლო არამარტო მათი დაბრუნება, არამედ მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაც). მართალია, მეოცე საუკუნის პირველი ნახევარში სხვადასხვა ქვეყნებში (ინგლისი, შოტლანდია, ირლანია, კანადა, ავსტრალია…) უკვე იკრძალება სიგარეტის რეკლამირება რადიოთი,  ტელევიზიით, მაგრამ არამწეველთა უფლებები ჯერაც უკანა პლანზეა.[v]  თამბაქოს ინდუსტრიას კანონმდებლობა კომფორტულ ზღვარს აძლევს სამუშაოდ და  გაყიდვების გასაზრდელად. მაგალითად, ა.შ.შ-ის კანონმდებლობით „რამდენადაც თამბაქოს კომპანიების რეკლამებსა და სიგარეტის კოლოფებს დატანილი ქონდათ გამაფრთხილებელი წარწერა, მათ არ ეხებოდათ სხვა ვალდებულება და აკრძალვა. არანაირ კანონს არ შეეძლო მოწევის აკრძალვა არცერთ საჯარო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის საბაბით[vi]“. ამ პერიოდში სიგარეტის კვამლი ფაქტიურად ავსებს ყველა საჯარო სივრცეს, რასაც უფრო და უფრო მეტი არამწეველი აპროტესტებს.[vii]

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მასშტაბური მოძრაობის ლიდერი აცხადებდა:  „არამწეველებს სუფთა  და სასარგებლო ჰაერზე ისეთივე უფლება აქვთ,  როგორც მწეველებს ე.წ.“უფლება“ მოწევაზე, რომელსაც მე განვმარტავდი როგორც „უფლება დაბინძურებაზე“. დროა, აიკრძალოს მოწევა ყველა საჯარო დაწესებულებაში…“. თამბაქოს ინდუსტრიის შეფასებით, არამწეველთა უფლებების დასაცავად წამოწყებული ეს მასობრივი მოძრაობები იყო „თამბაქოს ინდუსტრიის სიცოხლისუნარანობაზე მოქმედი ყველაზე საშიში ფაქტორი, რომელიც ოდესმე ყოფილა“.[viii]

არამწეველთა უფლებების დასაცავად მიმართულმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო. პირველი კანონი, რომელიც მოითხოვდა მწეველთა და არამწეველთა სეპარაციას ძალაში შევიდა 1975 წელს (მინესოტაში) – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (გამონაკლისი იყო მწეველთათვის გამოყოფლი ადგილები)[ix]

ამგვარად, მეოცე საუკუნე ის პერიოდია, როცა მსოფლიოს საზოგადოების დიდი ნაწილი თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ბევრ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგოდ მიმართული აქტიური ბრძოლაა გაჩაღებული. თუმცა, ამ ფონზე, თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგულმა კომპანიებმა მაინც შეძლო ფრთხილად და ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯების წყალობით თამბაქოს თავისუფალი მოხმარების, როგორც  ნორმის პოპულარიზაცია: დღეს მსოფლიოში 852 მილიონი მწეველია.[x]

თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა ის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც ცვლის საზოგადოებაში მოწევის როგორც ნორმად აღქმის საკითხს, მოზრდილების ქცევასა და ჩვევებს; ახდენს მოწევის დაწყების პრევენციას. მაგ, 2002–2003 წლებში,  ნიუ იორკში, თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვას, სიგარეტზე ფასის მომატებას, მედია კამპანიებს ზრდასრულ მწეველებში მოწევის სიხშირის 11%–ით  შემცირება მოყვა (თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის შედეგად 1წლის განმავლობაში დაახლოებით 140 000 მწეველმა დაანება თავი მოწევას).[xi]

ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და გერმანიაში ჩატარებულმა 26 კვლევამ ერთხელაც დაადასტურა თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის ეფექტურობა. ამ კვლევებმა უჩვენა, რომ მოწევის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე   იწვევს მწეველ თანამშრომლებში მწეველების რაოდენობის შემცირებას 3,8-%-ით; ხოლო იმათში, ვინც აგრძელებს მოწევას სიგარეტის დღიური რაოდენობის შემცირებას 3.1 ღერით;  [xii].

სიგარეტზე ფასის ან გადასახადის ზრდა თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის წარმატებულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად მცირდება მწეველობა მოზარდებში, ახალგაზრდებსა და დაბალი სოციო–ეკონომიკური სტატუსის პირებში[xiii].  კვლევების მიხედვით, სიგარეტის რეალური ფასის ყოველი 10%-ით ზრდა  ამცირებს სიგარეტის მოხმარებას მოზრდილებში დაახლოებით 3-5%-ით, ახალგაზრდებში-  3,5%-ით და ბავშვებში 6-7%-ით [xiv]. აქვე მოვიყვანთ თამბაქოს ინდუსტრიის შიდა მიმოწერიდან ამონარიდს: სიგარეტის მოხმარების თავის დანებებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი სიგარეტის ფასია და არა კუპრის დონე სიგარეტში “ (ფილიპ მორისი)[xv].
რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ხელში მოზარდებსა და ახალგაზრდებზე მიმართულ ერთ–ერთი ძლიერ იარაღს – თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას და რეკლამირებას: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით,  თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას საშუალოდ 7%-ით, ზოგიერთ ქვეყანაში კი 16-%-ით.[xvi]

მართალია, ცივილიზებული სამყარო  აქტიურად ებრძვის თამბაქოს, თუმცა ჯერაც არ არსებობს კანონი, რომელიც შეზღუდავს თამბაქოს კომპანიებს თავიანთი ნაწარმის გაყიდვაში მსოფლიოს გარშემო: სიგარეტი მზადდება, რეკლამირდება, იყიდება და დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, თამბაქოს კონტროლის საკითხებში წარმატებული ქვეყნების მაგალითები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოში 2013 წლიდან დაწყებული პროცესი  რეალურად  ქმედითია და დაიცავს არამხოლოდ არამწეველების, არამედ მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას, მოახდენს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციას და ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

[i] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[ii] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[iii] http://www.ashwales.org/creo_files/upload/documents/tobacco_factsheets_for_teachers.pdf

[iv] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[v] http://www.no-smoke.org/pdf/internationalbarsandrestaurants.pß

[vi] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[vii] http://healthliteracy.worlded.org/docs/tobacco/Unit1/2history_of.html

[viii] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2722043/

[x] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[xi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15914827

[xii] http://www.bmj.com/content/325/7357/188

[xiii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3228562/

[xiv] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[xv] http://tobacco.cleartheair.org.hk/wp-content/uploads/2008/01/raising-cigarette-taxes.pdf

[xvi] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

სიგარეტი – ღირს ამ “სიამოვნებაზე” უარის თქმა!

1850 წელს გრაფ და გრაფიანი დე ბოკარმეს ციხე-დარბაზში ვახშმობა ბელგიელი გუსტავ ფუნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მემკვიდრეობას დახარბებულმა გრაფმა და გრაფიანიამ, ძმის მოსაშორებლად ისეთი მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის აღმოჩენა გარდაცვლილის ორგანიზმში და შესაბამისად, მათი ბრალეულობის დადგენა არავის შეეძლო. მკვლელებისთვის შთაგონების წყარო ფრანგი პროკურორის განცხადება გახდა. ის მორფინით მკვლელობის საქმის წარუმატებელი გამოძიებისას, სასამართლოს დარბაზში ფაქტიურად გაყვიროდა: „მოდით, ყველა პოტენციურ მკვლელს ვუთხრათ, მკვლელობისთვის გამოიყენონ მცენარეების შხამი… საშიში არაფერია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ფიზიკური მტკიცებულების პოვნა შეუძლებელია…მკვლელები  არ დაისჯებიან…“ თუმცა, გრაფს და გრაფინიას არ გაუმართლათ და მალე სახრჩობელაზეც აღმოჩნდნენ. მათი ჩადენილი მკვლელობის გახსნამ კი შეცვალა ტოქსიკოლოგიის ისტორია და  სასამართლო მედიცინას  დაუდო საფუძველი. სხვათაშორის, ამ მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღი მცენარეული ალაკალოიდი-ნიკოტინი იყო[i]

ნიკოტინი, კოფეინთან და სტრიქნინთან ერთად, ძაღლყურძნისებრთა ოჯახის მცნარეებში, განსაკუთრებით თამბაქოში, მოიპოვება (არსებობს 66–მდე მცენარე, რომეიც შეიცავს ნიკოტინს. 19 მათგანის სამშობლო ავსტრალიაა). ის ზეთოვანი, უფერო, მომწარო გემოს სითხეა თამბაქოს სუნით. სხვათაშორის, ნიკოტინის ამ თვისებების გამო, ბალახისმჭამელი ცხოველები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ ეკარებიან მის შემცველ მცენარეებს; ადამიანები კი არად დაგიდევენ მცენარის გამაფრთხილებებლ სიგნალებს და „სიამოვნების“ მიღების მიზნით ეტანებიან. რაც შეეხება თვითონ ტერმინს – „ნიკოტინი“, ის  თამბაქოს ერთ–ერთი უდიდესი დამცველის, მე–16 საუკუნეში პორტუგალიაში საფრანგეთის ელჩის ჯენ ნიკოტ დე ვილემანის სახელთანაა დაკავშირებული.
downloadნახშირბადი, აზოტი და წყალბადი – დედამიწაზე სამი, ყველაზე გავრცელებული და ჩვეულებრივი ელემენტის არაჩვეულებრივი ურთიერთგანლაგება ნიკოტინს ორგანიზმზე მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურ ნივთიერებად გადააქცევს (ფორმულა ასეთია: C10H14N2). შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობენ ნიკოტინის დიდ დოზას, თუმცა არ იწამლებიან და არც კვდებიან. პასუხი ასეთია: ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზა 50-დან 100 მგ-მდეა; ერთი ღერი სიგარეტი საშუალოდ 10-14 მგ ნიკოტინს შეიცავს. მოწევის პროცესში ორგანიზმში 1,5 მგ ნიკოტინი ხვდება, დანარჩენი კი იმ შენობის  ჰაერში რჩება, სადაც ეწევიან. ამგვარად, ორგანიზმში ნიკოტინის დოზა  თანდათანობით შედის, არაერთჯერადად და მისი მავნე გავლენა ორგანიზმზე არა უცებ, არამედ დროთა განმავლობაში გამოვლინდება[ii].

ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში ყველამ კარგად იცოდა, რომ ნიკოტინს შეეძლო მოეკლა ადამიანი, ცხოველები… იყო დრო, როცა მას მწერების დასახოცადაც კი იყენებდნენ. მალე კაცობრიობამ ნიკოტინის ნარკოტიკული ბუნების (მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ ანებებს თამბაქოს მოხმარება თავს) შესახებაც შეიტყო.  თუმცა, ჯერაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნიკოტინი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის არათუ მნიშვნელოვანია, არამედ ორგანიზმი თვითონაც გამოიმუშავებს მის განსაზღვრულ რაოდენობას. ეს მოსაზრება სრულიად მცდარია. ნიკოტინის გაიგივება ამ შემთხვევაში არასწორად ხდება ერთ-ერთ კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებასთან–ნიკოტინისმჟავასთან, რასაც გარკვეულწილად ამ ორი სრულიად განსხვავებული ნივთიერების მსგავსი სახელწოდება განაპირობებს (ეს ნივთიერება ეფექტურია სისხლში ქოლესტეროლის შემცირებაზე და გამოიყენება ვიტამინდეფიციტური დაავადებისპელაგრასამკურნალოდ). ორგანიზმისთვის ამ მნიშვნელოვან ნივთიერებას ადამიანი სხვადასხვა საკვები პროდუქტებიდან (კვერცხი, რძე, ხორცი…) და  არა თამბაქოდან ღებულობს. სხვათაშორის, ნიკოტინმჟავას აღმოჩენა  თითქმის ემთხვევა დროში ნიკოტინის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენის მეცნიერულად დასაბუთებას. აღმოჩნდა, რომ ნიკოტინს და ნიკოტინმჟავას გარდა მსგავსი სახელწოდებისა, მსგავსი სტრუქტურა აქვთ. ეს კი ამ ორი ერთი შეხედვით მსგავსი  ნივთიერების რადიკალურად განსხვავებულ თვისებებს განაპირობებს.  ნიკოტინი  კონკურენციას უწევს ნიკოტინჟავას ორგანიზმში შეწოვისთვის აუცილებელ ფერმენტებთან შეერთებაში, აქვეითებს უჯრედებში მის დონეს. რამდენადაც, ნიკოტინმჟავა უჯრედებში ენერგიის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს,ხოლო ნიკოტინი ხელს უშლის ამ პროცესს,   უჯრედების ნორმალური ფუნქცია ირღვევა: ორგანიზმი შესაბსამისად ვერ მუშაობს. [iii] [iv]

რაც შეეხება  ნიკოტინის სხვა „სასრგებლო“ ეფექტებს,ზოგჯერ მწეველები მას კოორდინაციის და კონცენტრაციის უნარის მომატებას მიაწერენ. კვლევები კი საპირისპიროს ამტკიცებს: ერთ-ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ მართალია, მწეველობა ნაკლებად მოქმედებს მწეველებში მარტივად შესასრულებელი ამოცანების შესრულების უნარზე, თუმცა იგივე მწეველობა საგრძნობალდ აფერხებს მწეველებში შედარებით რთული ამოცანების შესრულების უნარს.სხვა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიკოტინის ქრონიკული ზემოქმედების უარყოფითი ზეგავლენა მეხსიერებზე; აღმოჩნდა, რომ ამოცანის შესრულებისთვის მწეველებს, არამწეველებთან შედარებით ბევრად მეტი დრო სჭირდებოდათ. რაც შეეხება ყოფილ მწეველებს, კვლევების მიხედვით, მათ მეხსიერების ნაკლები დაქვეითება აღენიშნებათ ამჟამად მწეველებთან შედარებით. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზოგადად თამბაქოს მოხმარების დაწყება მწეველებში კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს არამწეველებთან შედარებით. სიგარეტის ერთჯერადი მოწევა   კონცენტრაციის უნარს დროებით ამაღლებს იმ დონემდე, რომელიც ამ ადამიანს ქონდა მანამ, სანამ მწეველი გახდებოდა. იქმნება ილუზია, თითქოს  მოწევა იწვევს კონცენტრაციის და შრომის უნარის მომატებას. მოწევისას ნიკოტინი ფილტვებიდან გადადის სისხლში, აღწევს ტვინს, უმაგრდება სპეციალურ რეცეპტორებს, იწვევს იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის გამოც ეწევიან, თუმცა დახლოებით 40 წუთში კარგავს ეფექტურობას. ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს სასიამოვნო შეგრძნებებისთვის ხშირი მოწევა სჭირდებათ (რეგულარულ მწეველებს მოწევა  დაახლოებით 40 წუთში ერთხელ უნდებათ). დგება დრო, როდესაც ნიკოტინის გარეშე ტვინი უარს ამბობს ნორმალურ ფუნქციონერებაზე.  [v]  [vi] [vii]

სიგარეტზე უარის თქმა სიკვდილობის და დააადებების თავიდან აცილების უმარტივესი გზაა და ეს მწეველების დიდმა ნაწილმა იცის. თუმცა, უმეტესი მათგანი მოწევას თავს  ვერ/არ ანებებს სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ-ერთი ასეთი „მიზეზი“ – წონის კონტროლია. ხშირად, არათუ მწეველები, არამედ არამწეველებიც კი წონის კონტროლის ყველაზე ეფექტურ გზად მოწევას მიიჩნევენ.  ამ მცდარი მოსაზრებების მყარ სტერეოტიპად ჩამოყალიბებაზე თამბაქოს ინდუსტრიამ დიდი ხნის უკან იზრუნა. ჯერ კიდევ 1930 წლებში თამბაქოს ინდუსტრიის ქალებზე მიმართული  მესიჯები “სიგარეტი ტკბილეულის ნაცვლად“ მწეველებს ლამაზ აღნაგობას და მომხიბვლელობას პირდებოდა. თამბაქოს ინდუსტრიამ ადვილად და წარმატებულად შეძლო ამ  სტერეოტიპის დამკვიდრება, თუმცა მომხმარებლების მოსაზიდად, სპეციალისტები დღესაც მუშაობენ ამ და სხვა მცდარი მოსაზრებების დამკვიდრებასა და გამყარებაზე.[viii]

quit-smokigმითი სიგარეტისა და ლამაზ აღნაგობას შორის კავშირზე ბევრს მოწევის დაწყებისკენ უბიძგებს. ალბათ,  რეალობაც საინტერესოა: მართალია, ნიკოტინი გარკვეულწილად ზრდის ორგანიზმში კალორიების დაწვის სიჩქარეს და ამცირებს მადას, ზოგჯერ, მოწევის გადაგდება სხეულის მასის დაახლოებით 4–5კგ-ით მომატებასთანაც კია დაკავშირებული, თუმცა მეორეს მხრივ აღმოჩნდა,რომ ადამიანებში, რომლებიც მოიხმარენ დიდი ოდენობით თამბაქოს, უფრო მეტია სხეულის მასის ინდექსი, არამწეველ თანატოლებთან შედარებით.  კვლევები, რომლებიც იკვლევენ სიგარეტის მოხმარებასა და სხეულის წონას შორის კავშირს, მკაფიოდ ადასტურებენ, რომ მწეველებში დაბალი წონა ძირითადად  პიროვნული მახასიათებლებითაა განპიროვნებული და არა სიგარეტის ვითომდა „გამახდუნებელი ეფექტის“ გამო. ამასთან აღმოჩნდა, რომ ის ყოფილი მწეველები, რომლებიც იმატებენ წონაში, სიგარეტის ჩანაცვლებას საკვებით ახდენენ დაქვეითებული ფიზიკური აქტივობის შეცვლის გარეშე.

კვლევებმა უჩვენა ისიც, რომ მათში, ვინც იწყებს მოწევას და იკლებს წონაში, იმატებს წელის გარშემოწერილობა თავიანთ არამწეველ თანატოლებთან შედარებით. ეს კი პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ სიგარეტის მოწევა  ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის თანაბრად განლაგებას – რაც თავისთავად სხეულის ფორმების მნიშვნელოვნად დამახინჯებას იწვევს. ამგვარად, თამბაქოს მოხმარების დაწყება სხეულის წონის გასაკონტროლებლად თავისთავად საფუძველს მოკლებულია. [ix] [x] [xi] [xii].

ის ფაქტი, რომ ნიკოტომანია, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, არ იწვევს პიროვნების დეგრადაციას, ბევრს ხელს  უშლის რეალური საფრთხის აღქმაში. მართალია, სიგარეტი არ არის ერთადერთი მავნე პროდუქტი, რომლის გამოყენებაც სამწუხაროდ ყველას გვიწევს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ღირს იმ „სიამოვნებაზე“ უარის თქმა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იწირავს.

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

[i] http://trove.nla.gov.au/ndp/del/article/679354

[ii] http://pharmrev.aspetjournals.org/content/57/1/79.full

[iii] https://www.ministrymagazine.org/archive/1942/01/nicotinic-acid-vs.-nicotine

[iv] http://www.highfiber.com/~galenvtp/vtlnacnx.htm

[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1392553

[vi] http://www.nature.com/npp/journal/v25/n3/full/1395700a.html#RESULTS[viii]

http://whqlibdoc.who.int/whf/1990/vol11-no4/WHF_1990_11(4)_p416-422.pdf[ix]

http://www.bmj.com/content/345/bmj.e4439[x]

http://ajcn.nutrition.org/content/87/4/801.full[xi]

http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2915440?dopt=Abstract[xii]

http://www.hindawi.com/journals/jobe/2012/735465/

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა

how to stregthen gums 7 ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ვიზუალით, ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ. ერთმანეთისგან განსხვავებულია ის შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს. ხშირად, სწორედ ამ უსიამოვნო სიმპტომებისადმი შიში, სიგარეტზე უარის თქმის დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტზე თავის დანებების შემთხვევაში სარგებელი საგრძნობლად შესამჩნევია (მწეველებში, რომლებმაც თავი დაანებეს მოწევას, 24 საათში მცირდება გულის შეტევის განვითარების რისკი; 48 საათში ნერვული დაბოლოებები იწყებენ აღდგენას – უმჯობესდება ყნოსვითი და საგემოვნო მგრძნობელობა; 1-9 თვეში ქრება მოწევასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ქრონიკული დაღლილობა, ქოშინი; რაც შეეხება ინფარქტისა და ფილტვების კიბოს განვითარების ალბათობას, 5 წელიწადში 50%-ით მცირდება და 10 წელიწადში კი უახლოვდება არამწეველებში იგივე დაავადებების განვითარების ალბათობას).[I II]
სიგარეტზე თავის დანებებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი არცთუისე იშვიათი სიმპტომი ღრძილებიდან სისხლდენაა, რაც დამეთანხმებით, არაა სასიამოვნო. თუმცა, ღირს გავიგოთ მისი მიზეზი. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს – ირღვევა ამ უბნების მიკროცირკულაცია (სისხლის მიდინება) და კვება, სქელდება ღრძილების ქსოვილი, არამწეველებთან შედარებით საგრძნობლად მატულობს კბილების დაკარგვის რისკი. სიგარეტზე უარის თქმის პირველივე დღეებში ღრძილების და კბილების მიკროცირკულაცია ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას – იმატებს სისხლის ნაკადის მიდინება ამ ქსოვილებში. შესაბამისად, ეს უბნები მცირე ტრავმვაზეც კი (მაგ, კბილების უხეში ჯაგრისით გამოხეხვა), ადვილად სისხლმდენი ხდება. სისხლდენა მნიშვნელოვნად მაღალია პირველი სამი დღის განმავლობაში და დაახლოებით 2 კვირაში (ეს ის პერიოდია, როცა მწეველის ღრძილები არამწეველის ღრძილების მდგომარეობას უბრუნდება) ნორმას უბრუნდება, ხოლო კბილების დაკარგვის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ზოგჯერ, ისევ და ისევ ნიკოტინის და თამბაქოს მავნე ზემოქმედების გახანგრძლივებული ეფექტისა და ადამიანების ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა სისხლდენა გახანგრძლივდეს – ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს [III].

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/007532.htm
http://www.tobaccofreeutah.org/quitbenefits.html
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9326897

იმუნიზაციის მიერ გავლილი გზა

 

პირველად, თნამედროვე ვაქცინაციის “მსგავსის” შექმნის სურვილი ადამიანებს გაუჩნდათ ყვავილის სახელით წოდებული ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სიცოცხლეს იწირავდა. შეამჩნიეს რა, რომ დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანს ყვავილი მეორედ აღარ ემართებოდა,  სცადეს მოეხდინათ ავადმყოფი ადამიანის წყლულიდან აღებული შიგთავსის ინოკულაცია (შეყვანა) ჯანმრთელ ადამიანში. იყო გარკვეული წარმატება, თუმცა ზოგჯერ „აცრილებში“  დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა და   იღუპებოდნენ კიდეც. „ვაქცინაციას“ ამგვარად ატარებდნენ თურქეთში, ჩინეთში და ევროპაში. ინგლისში „ვაქცინაციის“ ეს მეთოდი შეიტანა თურქეთში ინგლის ელჩის მეუღლემ.

ერთ-ერთი ყვავილის ეპიდემიის დროს ჯორჯ ვაშინგტონმა ამ მეთოდით არმიის „იმუნიზაცია“ სცადა. მართალია შედეგი იყო, თუმცა “იმუნიზაციის” მცდელობით  გამოწვეულ დაავადებას   გართულებები და ჯარისკაცთა გარდაცვალებაც კი მოჰყვა.

შეიძლება ითქვას, რომ იმუნიზაციის ეპოქის დასაწყისი დაკავშირებულია ინგლისელი ექიმის ჯენერის სახელთან (1749-1823 წწ.). 1796 წლის 14 მაისს მან ყვავილის საწინააღმდეგო პირველი აცრა გააკეთა. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას  მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს სამედიცინო აღმოჩენათა ათეულში მე-2 ადგილი უჭირავს[i].

NPG 62; Edward Jenner by James Northcote

ინგლისელი ექიმი ედვარდ ჯენერი (1749-1823 წწ.). 1796 წლის 14 მაისს მან ყვავილის საწინააღმდეგო პირველი აცრა გააკეთა

1805 წელს ყვავილის საწინააღმდეგო პირველი მასობრივი აცრები ჩატარდა ნაპოლეონის ბრძანებით მისი არმიის სრულ შემადგენლობაში;

სავალდებულო აცრების შესახებ პირველი კანონი გამოიცა 1807 წელს გერმანიაში ჰესენის ლანდსაგრაფოში, ხოლო ანალოგიური კანონები 1820 წელს მიიღო ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც;

უდიდესი საჩუქარი მიიღო კაცობრიობამ ლუი პასტერისაგან  1885 წელს, როცა   ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.

800px-Louis_Pasteur_experiment.jpg

ლუი პასტერი ცდებს ატარებს საკუთარ ლაბორატორიაში.

მას შემდეგ  იმუნიზაციაში მიღწეული წარმატებებით შესაძლებელი გახდა ოცზე მეტი ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება.

1980 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ გატარებული გლობალური ღონისძიებების წყალობით ყვავილი ლიკვიდირებულია[ii], ხოლო პოლიომოელიტით ავადობა 1988 წლიდან დღემდე შემცირებულია 99%-ით. დაავადების ასეთი შემცირება მისი სრული ლიკვიდაციის რეალურ საფუძველს იძლევა[iii].

 

[i] http://www.ncdc.ge/Category/Article/1586

[ii] http://who.int/topics/smallpox/en/

[iii] http://who.int/mediacentre/factsheets/fs114/en/

ვაქცინაცია და იმუნიტეტი

 

Immune-System-480x250

რა არის იმუნიტეტი?

ადამიანის აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ დაავადების გამომწვევ მიკრობებს ხვდება, როგორც „უცხო დამპყრობლებს“.  ამ „უცხო დამპყრობლებს“  ანტიგენები ეწოდება და  მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იწყებს  ცილოვანი ნივთიერებების: ანტისხეულების  გამომუშავებას. ნორმალურ, ჯანმრთელ იმუნურ სისტემას ყოველ დღე  შეუძლია გამოიმუშაოს მილიონობით ასეთი ანტისხეული ათასობით შემოტევის (ანტიგენის) მოსაგერიებლად. ამას ორგანიზმი იმდენად ბუნებრივად აკეთებს, რომ ადამიანები  ვერც კი ვამჩნევთ. ანტისხეულები ხშირად ქრებიან მას მერე,  როგორც კი გაანადგურებენ შემოჭრილ ანტიგენებს. უჯრედები  (მეხსიერების საცავები) კი, რომლებიც მონაწილეობენ ანტისხეულების წარმოქმნაში, ორგანიზმში რჩებიან,    იმახსოვრებენ  ყველა იმ ანტიგენს, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ „შეხვედრა“  და იცავენ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე, თუკი ისინი კვლავ შეეცდებიან ორგანიზმში შემოჭრას.

 

რა არის ვაქცინები?

ვაქცინები შეიცავენ იმავე ანტიგენებს, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, თუმცა ეს ანტიგენები ვაქცინებში დახოცილი ან იმდენად დასუსტებულია, რომ მათ დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ, საკმარისად ძლიერები არიან საიმისოდ, რომ იმუნურმა სისტემამ აწარმოოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება. მეხსიერების შემნახველი უჯრედები უზრუნველყოფენ თავიდან ააცილონ  ადამიანს დაავადება თუ  მომავალში კვლავ აღმოჩნდებიან ინფიცირების საფრთხის წინაშე. ვაქცინაციის წყალობით ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უვითარდებათ იმუნიტეტი და აღარ ავადდებიან ვაქცინაციას დაქვემდებარებული  დაავადებით.

 

რომელი დაავადებები ექვემდებარებიან ვაქცინაციას?

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა–ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს მოსარგებლეთა მხრიდან თანაგადახდას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული  10 ვაქცინის (BCG, Hep B (მონო), DPT-Hib-HepB-IPV, DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota, PCV) შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, ეს ჩვენ ვართულებთ მას დიდი მონდომებით“

კუნ ფუ  ცზი

myBest00641Shizophrenia1

წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, დღითიდღე ვქმნით ახალ წესებს და კანონებს, ვაწესებთ ნორმებს… მერე, მთელი მონდომებით ვცდილობთ, მოვერგოთ ჩვენს მიერვე მოგონილ კრიტერიუმებს…ჩვენ 7 მილიარდი ვართ. 7 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ თითქოს უმეტესწილად სტანდარტული, სოციუმის ჩარჩოში მოქცეული ადამიანი. ჩვენს შორის, 450 მილიონი „არასტანდარტული“ ადამიანია, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობით, რასაც  ფსიქიკურ დაავადებას ვეძახით.[i]

ერთმა ცნობილმა ფრანგმა თქვა, უმეცრების ერთ-ერთი სახე არცოდნა, მეორე კი ცუდად ცოდნააო…

ჩვენს საუკუნეში, ადამიანები, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ვსაზრდოობთ. ხშირად, სწორედ მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება ჩვენი დამოკიდებულება ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, წარმოდგენა ფსიქიკურ დაავადებებზე[ii].

„…ამა წლის ამა და ამ რიცხვში, ვინმე ე.გ.-ს მიერ ჩადენილ იქნა ესა და ეს დანაშაული. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული პიროვნება  ფსიქიკურად დაავადებულია…“ ამ ტიპის განცხადებები ალბათ თქვენც მრავალჯერ მოგისმენიათ. სამწუხაროდ, მასალის სენსაციურობისთვის მოვლენების არასწორად წარმოჩენა,  თუნდაც სიძულვილის ენა, მედიაში ფართოდ მიღებული ფორმაა. შედეგად,  იცვლება ადამიანების დამოკიდებულება, წარმოდგენები, იქმნება სტერეოტიპები, რომლებიც მყარად ჯდება ადამიანების გონებაში მიუხედავად მათი ასაკის, განათლების დონის  თუ სხვა ფაქტორებისა.[iii] [iv]

რასაკვირველია, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა ამისი შანსი იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია (მაგალითისთვის: კრიმინალური დამნაშავეების კვლევისას აღმოჩნდა, რომ დანაშაულის მომენტში მხოლოდ 6%- აღენიშნებოდა ფსიქიატიული პრობლემა[v]); უფრო მეტიც, ეს ადამიანები არათუ მოძალადეები არიან, არამედ, 2.5-ჯერ მეტად გვევლინებიან მსხვერპლის როლში[vi].

არასწორად მიწოდებული ინფორმაცია არამარტო სოციალურ სტერეოტიპებს, არამედ „თვით-სტიგმას“ წარმოშობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში: აღმოჩნდა, რომ  მედიაში გაჟღერებული თითოეული არაკომპეტენტური/უარყოფითი ინფორმაციის შემდეგ მათ უჩნდებათ გარიყულობის შეგრძნება,  უღრმავდებათ დეპრესია და  სუიციდური აზრები; ხოლო მოტივაცია, მოძებნონ სამსახური ან თუნდაც მოხალისედ იმუშაონ მცირდება.[vii] საზოგადოების უარყოფითი და არასწორი დამოკიდებულებები არცთუიშვიათად  აიძულებს ამ ადამიანებს, უარი თქვან ან დროზე ადრე შეწყვიტონ მკურნალობა. ეს კი შემდგომში დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება.[viii]

როცა მშობელი „სხვებს არ ჰგავს“

ხშირად, ჰგონიათ, რომ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით უმჯობესია, არ ყავდეთ შვილები. თუმცა, მათ დიახ, შეუძლიათ ყავდეთ და ყავთ კიდეც შვილები. რასაკვირველია, რისკი იმისა, რომ მათ შვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოუვლინდეთ, არსებობს. თუმცა ამისი რისკი თითოეულ „ჯანმრთელ“ ადამიანსაც აქვს. მსოფლიოში, გენეტიკური წინასწარგანწყობისგან დამოუკიდებლად, ბავშვთა მოსახლეობის 20%-ს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.[ix] ასაკი, კულტურა, რასა, სქესი, რელიგია, განთლება თუ ფინანსური მდგომრეობა – ფსიქიკური დაავადებებისთვის შემზღუდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. არავინაა დაზღვეული დაავადებისაგან, რომელიც სტატისტიკურად 4-დან 1 ადამიანს ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე უვლინდება. [x][xi] [xii]

სამწუხაროდ, ფსიქიკურად დაავადებული მშობლების შვილები განსხვავებულები არიან: ისინი სხვა ბავშვებისგან იმ ტვირთით განსხვავდებიან, რომელიც მათ საზოგადოების „ნორმალურმა“ ნაწილმა დააკისრა… სტერეოტიპები და სტიგმა, რომელიც ასეთი ადამიანების ოჯახებისადმია მიმართული, ყველაზე მეტად სწორედ პატარების ფსიქიკაზე მოქმედებს. ეს კი ზოგჯერ, მათი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისთვის ძნელი გადასალახია…

ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა იყოს ადამიანური, ჰქონდეს უნარი სხვა ადამიანების თვალითაც შეხედოს სამყაროს…

მაშინ, როცა  ჩვენს გვერდზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მასისგან განსხვავებულები არიან, მაშინ როცა მათ ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ, ჩვენი გამოცდის დრო დგება. იქნებ დროა, საღად შევაფასოთ მოვლენები, ფსიქიკური პრობლემების მიღმა დავინახოთ პიროვნებები და ვაღიაროთ ისინი, როგორც თანასწორად და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.  მაშინვე, როგორც კი ამას შევძლებთ, აქამდე უცნობი სამყარო გადაგვეშლება თვალწინ და კითხვასაც დავსვამთ: „რატომ აქამდე არ ვხედავდი? რატომ არ ვაძლევდი საშუალებას, რომ იცხოვროს და იღვაწოს და რეალიზდეს ისე, როგორც სხვა „ჩვეულებრივი“ ადამიანი?“

„ფილმებში ყველაფერი კარგად სრულდება“

BEIJING, CHINA - MAY 31: (CHINA OUT; PHOTOCOME OUT) Nobel prize laureate John Forbes Nash of USA listens during a colloquium featuring entrepreneurship and corporate growth at the Nobel Laureates Beijing Forum 2005, held at the Great Hall of the People on May 31, 2005 in Beijing, China. Twelve Nobel prize economic laureates will talk about issues ranging from the currency, longevity, politics and economic growth during the three-day event which opened on Monday. (Photo by China Photos/Getty Images)

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ფობს ნეში

გინახავთ ფილმი „ბრწყინვალე გონება“? ფილმის მთავარი გმირი, რომელიც პარანოიდული შიზოფრენიით იტანჯება, წლების განმავლობაში გამოკეტილია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ფილმის ბოლოს,  ოჯახის მხარდაჭერით ახერხებს გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად.

რეალობა…

გაიცანით ჯონ ფობს ნეში![xiii]

ჩვენი დროის უდიდესი მათემატიკოსი…

კაცი, რომლის „თამაშთა თეორიამ“ გამოყენება ჰპოვა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, გლობალურ ეკონომიკასა და მიკროეკონომუკურ თეორიაში…

კაცი, რომელმაც 31 წელი შიზოფრენიასთან ბრძოლაში გაატარა, თუმცა 1994 წელს, 66 წლის ასაკში ეკონომიკის დარგში მიიღო ნობელის პრემია.

კაცი, რომლის ცხოვრებაზეც გადაიღეს ფილმი  „ბრწყინვალე გონება.“

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

[i] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/

[ii] http://www.mindframe-media.info/for-courts/facts-and-stats

[iii] https://www.iasp.info/pdf/task_forces/mindframe_for_courts_2009.pdf

[iv] http://www.mindframe-media.info/for-courts/facts-and-stats

[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11392351

[vi] http://ontario.cmha.ca/files/2012/07/moods_media_200812.pdf

[vii] http://ontario.cmha.ca/files/2012/07/olm_stigma_matters_200902.pdf

[viii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19483426

[ix] http://www.who.int/features/factfiles/mental_health/mental_health_facts/en/

[x] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/

[xii] http://www.who.int/mental_health/media/en/investing_mnh.pdf

[xiii] http://www-history.mcs.st-and.ac.uk/Biographies/Nash.html